პრეზიდენტი და შეწყალების საკითხი – ხარვეზიანი სისტემა თუ…

დიმიტრი გაბუნიაბოლო დღეების განმავლობაში პრეზიდენტ ზურაბიშვილს 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსჯავრდებულების შეწყალებასთან, კონკრეტულად კი რამდენიმე მსჯავრდებულის შეწყალებასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ.

საუბარია 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის, 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისა და 1994 წელს გიორგი ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებაზე. მმართველი გუნდი და ოპოზიცია პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ამ საკითხის ირგვლივ დამატებით განმარტებებს მოითხოვენ.

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სულ 34 მსჯავრდებული, მათ შორის 1 არასრულწლოვანი და 8 ქალი შეიწყალა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შეწყალებულთა შორის ერთ-ერთი პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულიც იყო, რასაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. 29 აგვისტოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ფაქტის განმარტებას არ აპირებს, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წესები, რომელიც შეწყალებას ეხება, უნდა გადაიხედოს და შემუშავდეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ.

„მინდა მივმართო საზოგადოებას, რადგან მესმის მათი წუხილი. ეს ჩემი წუხილიცაა, როცა რომელიმე ჩემს გადაწყვეტილებაზე შფოთავენ. ამიტომაც მოვედი აქ. შეწყალება არ არის ის, რაც ზოგს ჰგონია – ვინმეს გამართლება; არც რევიზიაა რომელიმე სასამართლოსი. ეს არის სუბიექტური, პერსონალური გადაწყვეტილება, მისი პასუხისმგებლობის ქვეშ. ეს არის გარემოებების, მოცემულობების შეფასება. ამიტომაც წინათაც ვთქვი, რომ ინიციატივა მაქვს – წესები, რაც შეწყალებას ეხება, გადაიხედოს. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაცია იყო. ჩემი ვერსიაც გადაეცემა თავმჯდომარეს და მომავალი კვირიდან სამუშაო ჯგუფი შედგება, რომელიც ჩამოაყლიბებს იმ წესებს, რაც შეშფოთებას აღარ გამოიწვევს. ასევე, ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე“, – განაცხადა  სალომე ზურაბიშვილმა.

იუსტიციის მინისტრის  შეფასებით, შეწყალების სამართლიანი სისტემის შექმნა არის ძალიან მარტივი, თუ ამ სისტემაში ჩაერთვებიან პროფესიონალები, ვისაც შეუძლია, შეაფასონ ესა თუ ის პატიმარი არის რესოციალიზებული, რეაბილიტირებული და შეიძლება თუ არა მისი გაშვება გარეთ.

„გლდანში, მაგალითად,  მუხლჩაუხრელად შრომობენ პატიმრები, უმრავლესობა მათგანი 10-16-18 წელია გლდანის საპატიმროშია, მანამდე სხვა საპატიმროებში იყვნენ. ისინი არიან ადამიანები, ვისაც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები აქვთ ჩადენილი, მაგრამ თავიანთ ცხოვრებითა და შრომით აჩვენეს, რომ რესოციალიზაციის უნარი შეიძინეს. ესეც არ არის საკმარისი იმისთვის, ითქვას, რომ ეს პატიმრები დღესვე უნდა იყვნენ შეწყალებული. აუცილებელია, ფსიქოლოგმა, რეაბილიტაციის სპეციალისტმა, სოციალურმა მუშაკმა შეაფასოს და უთხრას პრეზიდენტს, შეიძლება თუ არა ასეთი ადამიანის შეწყალება და არსებობს თუ არა რისკები. დღეს რისკების შეფასება არ ხდება“, – განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანი ტეა 2

მინისტრის თქმით, ასევე აუცილებელია დაზარალებული მხარის და  ასევე  საზოგადოების აზრის გათვალისწინება.

პენიტენციურ სისტემაში არსებული გამოცდილება შეიძლება, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაიზიაროს, რადგან ეს სისტემა ჩვენთან უკვე არსებობს და ასევე, ამ სისტემას თავისი მხრიდან შესძინოს ახალი შტრიხები, რათა როდესაც პატიმარი გარეთ გავა, პირველი – დაზარალებული არ იყოს უკმაყოფილო, მას არ ჰქონდეს უსამართლობის განცდა, მეორე – საზოგადოებისთვის არ იყოს ამგვარი შეწყალება მიუღებელი და მესამე – ჩვენს საზოგადოების ყველა წევრს ჰქონდეს სიმშვიდის განცდა და არ ვიყოთ საფრთხის ქვეშ“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ ძებნილი მსჯავრდებულის შეწყალებას, წულუკიანის თქმით, აღნიშნული პატიმარი სისტემაში არც ახლა და არც წინა ხელისუფლების დროს არ ყოფილა, ის 2009 წლიდან იძებნება.

„ პენიტენციური სისტემა და იუსტიციის სამინისტრო და მთავრობა ვერ ჩაანაცვლებს პრეზიდენტის ადმინისტრაციას. პრეზიდენტი არის პრეზიდენტი, თავისი უფლებამოსილებით, დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, მაგრამ უნდა მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები, რისთვისაც საჭიროა სისტემის ახლებურად აწყობა, რაც სულ არ არის რამე მძიმე ან კომპლექსური სამუშაო. საჭიროა ამას თავად პრეზიდენტი ჩაუდგეს სათავეში“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

 

image_pdfimage_print

Comments

comments