ირანმა აშშ–ს ნოტა გადასცა, “თალიბანი” კი მოლაპარაკების მომხრეა

ირანმა აშშ-ს ნოტა გადასცა, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყნის წინააღმდეგ ნებისმიერ მოქმედებას პასუხს გასცემსირანმა შვეიცარიის მეშვეობით აშშ-ს ნოტა გადასცა, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყნის წინააღმდეგ ნებისმიერ მოქმედებას პასუხს გასცემს.

ნოტაში ასევე აღნიშნულია, რომ საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე თავდასხმაში თეირანს მონაწილეობა არ მიუღია. პარალელურად, ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანმა განაცხადა, რომ თეირანს ახლო აღმოსავლეთში შეტაკებები არ სურს.

14 სექტემბერს, საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, ნავთობის მოპოვება დღიურად 5.7 მილიონი ბარელით შემცირდა. საუდის არაბეთი, რომელიც მსოფლიოს სამ ყველაზე მსხვილ ნავთობმწარმოებელს შორისაა, დღე-ღამეში 9.8 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა შიიტმა ჰუსიტებმა აიღეს.

სამაგიეროდ, „თალიბანი“ აშშ-სთან მოლაპარაკებების განახლებისთვის მზად არის. როგორც  BBC  წერს,  შესაბამისი  განცხადება ტელეკომპანიისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში დაჯგუფების წარმომადგენელმა შერ მოჰამად აბას სტანიკზაიმ გააკეთა. მისი თქმით, მოლაპარაკებები ავღანეთში მშვიდობის დამყარების ერთადერთი გზაა და აშშ-ის პრეზიდენტის სურვილის შეთხვევაში „თალიბანი“ მათი განახლებისთვის ყოველთვის მზადაა.

„თალიბანი“ და ვაშინგტონი შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ დონალდ ტრამპმა მოლაპარაკებები მას შემდეგ გააუქმა, რაც „თალიბანის“ მიერ მოწყობილ ტერაქტს ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.   სტანიკზაიმ აღნიშნა, რომ დაჯგუფება მოლაპარაკებების ჩაშლაში დამნაშავე არ არის.

„მათ ათასობით ჩვენი მებრძოლი მოკლეს. მაგრამ ერთი ამერიკელი ჯარისკაცის სიკვდილმა ასეთი რეაქცია არ უნდა გამოიწვიოს, რადგან მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ არსებობს“, – განმარტა სტანიკზაიმ.

image_pdfimage_print

Comments

comments