დავით ზალკალიანი სერგეი ლავროვს შეხვდა

Картинки по запросу დავით ზალკალიანისაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, სერგეი ლავროვს შეხვდა.  შეხვედრის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო უწყებამაც გაავრცელა.

როგორც ზალკალიანმა ლავროვთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორები ინფორმაციას მიიღებენ შეხვედრის შემდეგაც.

„გაერო-ს 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივით და ორგანიზებით, გაერო-ს შტაბბინაში გაიმართა ჩემი შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. მთელი კვირის განმავლობაში, ორმხრივი შეხვედრების დროს პარტნიორებთან განვიხილავდით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობას, განსაკუთრებით ბოლო ორი თვის განმავლობაში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის საკითხს. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იყო ძალიან მკაფიო და მკაცრი შეფასებები ამასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ყველა ძირითად აქტორთან, მათ შორის აშშ-სთან, ევროკავშირის წარმომადგენლებთან, ასევე გაერო-ს ხელმძღვანელობასთან ამ საკითხზე გვქონდა სერიოზული დისკუსია, თუ რა დამატებითი საშუალებები და მექანიზმები უნდა ამოქმედდეს პროცესის შესაჩერებლად“,-აღნიშნა ზალკალიანმა.

მისი თქმით, შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას კი, შვეიცარიის მხრიდან ინიცირებული იყო შესაძლებლობა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შესახებ.

„შვეიცარიის მხარის ინიციატივა იყო, გვემსჯელა საკითხებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციასთან და უკანონო ბორდერიზაციასთნ არის დაკავშირებული. ამაზე, რა თქმა უნდა, გვქონდა კონსულტაციები ევროპელ პარტნიორებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან და გადავწყვიტეთ, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგანაც პირველი შესაძლებლობა იქნებოდა, ასეთ დონეზე რუსეთის ფედერაციისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი.

ჩვენ ვიმსჯელეთ ყველაფერზე, ძირითადი თემა იყო დეოკუპაცია, უკანონო ბორდერიზაცია, ასევე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული ბევრი პრობლემური საკითხი, მათ შორის რაც არის დაკავშირებულ ჟენევის მოლაპარაკებებთან, საქართველოს პოზიციასთან და რუსეთის დამოკიდებულებასთან.

ვფიქრობ, რომ ამის შესახებ აუცილებლად ვაცნობებთ ჩვენს პარტნიორებს და გავაგრძელებთ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სიტუაციის დეესკალაციისკენ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

image_pdfimage_print

Comments

comments