ნატოს დელეგაციის წევრებმა ბათუმში სანაპირო დაცვის გემები დაათვალიერეს

როუზ გოუტმიულერი ვახტანგ გომელაურიშს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს როუზ გოტმიოლერს და დელეგაციის წევრებს ხომალდ „დიოსკურიაზე“ უმასპინძლა და ნატოს ოპერაციათა კონცეფციის შესაძლებლობების (OCC) პროცესში ჩართული სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფები წარუდგინა.

„ მოხარული ვარ, რომ შევხვდი და გავიცანი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოუტმიულერი და ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და ელჩები.  დავათვალიერეთ აშშ–ს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვისთვის გადმოცემული „აილენდის“ კლასის ორი ხომალდი.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო ნატოს საიმედო პარტნიორია. ჩვენ ჩართულები ვართ ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებაში. მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პასუხისმგებელ შავი ზღვის აუზის რეგიონის უსაფრთხოებაზე და ეს გემები იქნება ჩართული ამ მიმართულებით, რათა უსაფრთხოება ჩვენი ქვეყნის გავაძლიეროთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

სტუმრებმა საქართველოს სანაპირო დაცვის აილენდის კლასის საპატრულო ხომალდი „ოჩამჩირეც“ მოინახულეს. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გოტმიოლერმა გემის დათვალიერების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და საქართველოს სანაპირო დაცვის განვითარების ნახვა. მოხარული ვარ, რომ მოვინახულე თქვენი სანაპირო დაცვის გემები და მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი სანაპირო დაცვის ოფიცრებს და სამხედრო მოსამსახურეებს. მქონდა საშუალება გავსაუბრებოდი აბორდაჟის გუნდის წევრებს, რომლებმაც ნატოსთან ერთად გაიარეს წვრთნები.

ასევე, ხაზი გავუსვით იმას, რომ საქართველოს სანაპირო დაცვა ემსახურება უსაფრთხოებას და უშიშროებას შავი ზღვის რეგიონში. ვამაყობთ საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობის განვითარებით. ძალზედ მოხარული ვარ ბათუმში ყოფნით, მზიანი ამინდით, ბრიუსელში წვიმიანი ამინდის შემდეგ“, – განაცხადა გოტმიოლერმა ჟურნალისტებთან საუბარში.

ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) რიგით მეხუთე ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა. ალიანსის 29 ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ასევე, დემოკრატიული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესს ეცნობიან.

image_pdfimage_print

Comments

comments