საქართველოში კომპიუტერთან მომუშავე პერსონალს უსაფრთხო პირობებს შეუქმნიან

Похожее изображениеოქტომბრის ბოლოს მთავრობა  ევროდირექტივას მიიღებს, რომელიც მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობის პროცესში უსაფრთხოების საკითხებს დაარეგულირებს, მათ შორის იგულისხმება ჩვეულებრივი კომპიუტერი, რომელთანაც დღეს მოქალაქეების უმრავლესობას უწევს მუშაობა. ამის შესახებ რადიო „პალიტრის“ ეთერში შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა მაია მიქაიამ განაცხადა.

მაია მიქაიას თქმით, დოკუმენტში გაიწერება მოთხოვნები, რომლითაც განისაზღვრება თუ როგორ უნდა იყოს აღჭურვილი სამუშაო ოთახი; რამდენი კვადრატული უნდა იყოს სამუშაო სივრცე/ოთახი; ასევე გაწერილია, რომ სპეციალურად იყოს სამუშაო კუთხე განათებული; სავარძელი იყოს ისეთი, რომელიც დასაქმებულზე იქნება მორგებული.

„გარდა ამისა, დირექტივაში განსაზღვრულია თუ როგორ უნდა განთავსდეს დასაქმებული მონიტორიან მოწყობილობასთან; რამდენი ხანი უნდა გაატაროს ეკრანთან შეუსვენებლად, დასაქმებულმა უნდა იცოდეს რომ მაგალითად, 3 საათის შემდეგ ადგეს, 10 წუთი გაიაროს და თვალი დაასვენოს; ამასთან, საუბარია, ფეხისა და მაჯის დასადებზე.

რაც შეეხება თავად, მონიტორიანი მოწყობილობის ხარისხს, დირექტივის მიხედვით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ გამოსხივებამ დასაქმებულის ჯანმრთელობას, მის თვალებს საფრთხე არ შეუქმნას. იმ შემთხვევაში თუ დასაქმებული აღმოაჩენს, რომ მას თვალების მდგომარეობა შეეცვალა, მას უფლება ექნება, დამსაქმებელს მოსთხოვოს და მხედველობასთან დაკავშირებით, შესაბამისი სამედიცინო შემოწმება გაიაროს“, – განაცხადა მიქაიამ.

მაია მიქაიას განმარტებით, დამსაქმებლებისთვის გარდამავალი პერიოდი იქნება, რათა გაეცნონ დოკუმენტს და მოთხოვნების დაკმაყოფილება შეძლონ. ამის შემდეგ კი ზედამხედველობა დაიწყება.

ამასთან, მიქაიას თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით 23 ევროდირექტივის მიღების ვალდებულება გვაქვს, რომელიც შრომის უსაფრთხოებას ეხება. მათი მიღება ეტაპობრივად, 2022 წლამდე უნდა მოხდეს.

image_pdfimage_print

Comments

comments