ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობამ იკლო – ამირან გამყრელიძე

Картинки по запросу анализ кровиდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა  ამირან გამყრელიძემ სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით გასულ წელს ჩატარებული კვლევის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ოჯახები, სადაც კვლევისას ტყვიის შემცველობა მომატებული იყო, ხელახლა შემოწმდნენ და ამ მხრივ პოზიტიური შედეგი არის.

„შედეგების მხრივ პოზიტიური ტრენდია. ვნახეთ, რომ ტყვიის შემცველობა დაკლებისკენ მიდის. რჩევა-დარიგებამ, თუ როგორ მოიქცნენ ოჯახის წევრები, როგორ დაალაგონ სახლი… ამ ახსნა განმარტებითმა და საგანმანათლებლო მუშაობამ პირველი შედეგები უკვე გამოიღო. ხშირად მისვამენ კითხვას, კატასტროფასთან გვაქვს საქმე თუ არა. არა, ბატონო. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართავ, არა შემაშფოთებელი, არამედ საყურადღებო მონაცემებია, რაც ამ კვლევამ გვაჩვენა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ყურადღება გაამახვილა შარშან ჩატარებული კვლევის შემდეგ განხორციელებულ ღონისძიებებზე. ამირან გამყრელიძის თქმით, სახელმწიფომ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული სტრატეგია მაშინვე შეიმუშავა.

„16 ოჯახი, სადაც ყველაზე მაღალი იყო ტყვიის შემცველობა, ყოველმხრივ შევისწავლეთ. ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა, პედიატრებმა, გარემოს სპეციალისტებმა, სოფლის მეურნეობის სპეციალისტებმა თექვსმეტივე ოჯახი შეისწავლეს. ასევე, ივლისში მოვიწვიეთ ამერიკული ორგანიზაციის ერთ-ერთი სპეციალური ჯგუფი, რომელსაც დიდი საერთაშორისო გამოცდილება აქვს ტყვიასთან დაკავშირებით. მათ სპეციალური აპარატურით შეისწავლეს იგივე 16 ოჯახი, ასევე საკონტროლო ოჯახები. გამოიკვლიეს ტყვიის შემცველობა საღებავებში, ჰაერში, წყალში, საკვებში. ამას გარდა, სახელმწიფომ ივლისში დაიწყო დიდი სახელმწიფო პროგრამა. 650 ბავშვის, ვისთანაც მომატებული იყო ტყვიის შემცველობა, ოჯახების შესწავლა ხდება სრულად. უკვე 35 პროცენტამდე შესწავლილია. ვისაც დახმარება სჭირდება, ეძლევა რკინის პრეპარატები, ვიტამინები, კალციუმის პრეპარატები…”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ასევე, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, ტყვიის მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია იმართება.

შეგახსენებთ, საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ 2018 წლის სექტემბერში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით,  გამოკვლეული ბავშვების 25 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობა 5-10 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში მერყეობდა, რაც მსუბუქ მატებაზე მიუთითებდა, ხოლო ბავშვების 16 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლი იყო ან აღემატებოდა 10 მკგ/დლ-ს. კვლევამ მთელი საქართველოს მასშტაბით 1 578 ბავშვი მოიცვა, რომელთა ასაკი 2-7 წელია.

image_pdfimage_print

Comments

comments