“ახალგორის გადასასვლელი მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”

ციხელაშვილი-ის სურათის შედეგისაოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი ქალი, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადმოიყვანეს, გარდაიცვალა.

როგორც ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, 70 წლის ქალს ცხინვალში სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ გაეწია და გარდაიცვალა.

„როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, გუშინწინ საღამოს გახდა ცუდად მარგარიტა მარტიაშვილი, რომელიც სოფელ იკოთში, დაბა ახალგორიდან ოთხ კილომეტრში ცხოვრობდა. ის ჩამოიყვანეს ახალგორის საავადმყოფოში. ბუნებრივია იქ არანაირი პირობა არ არსებობს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. თხოვნის და მოთხოვნის მიუხედავად, მაინც უარი უთხრეს გადმოყვანაზე, გადაიყვანეს ცხინვალში და იქ გარდაიცვალა.

არ ვიცი, რა დიაგნოზი ჰქონდა ამ ქალბატონს, მაგრამ დიდი ალბათობით, ის რომ დროულად გადმოეყვანათ თბილისში და ჩვენთან კვალიფიციური მკურნალობა ჩატარებოდა, ცოცხალი იქნებოდა.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო და ვთხოვო, ვისაც ხელეწიფება ამ საქმის მოგვარება, იქნებ დროულად გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა ახალგორის მიმართულებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქ მცხოვრები ადამიანები არიან ძალიან დათრგუნული, შეშინებული და ყველას, დაახლოებით 1 200 ადამიანს აქვს იმის მოლოდინი, რომ თუ ავად ან შეუძლოდ გახდა, სიკვდილი გარდაუვალი იქნება. მათ არ აქვს მოლოდინი, რომ კვალიფიციურ მკურნალობას მიიღებენ“, – განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.

როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მედიასთან განაცხადა, ეს არის ტრაგედია და მოსახლეობა ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

“მოსახლეობისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ახალგორის გადასასვლელი, სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა პირდაპირი გაგებით. დიახ, ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში გახლავთ მოსახლეობა, ეს ტრაგედია არ არის ერთადერთი, ეს ტრაგედია არ არის ერთადერთი საუბედუროდ და მოსახლეობას სჭირდება გადაადგილება როგორც ამ ქალბატონს და მის ოჯახს. ეს არის ნამდვილად საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი. დღესაც მოვუწოდებ ყველას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გახსნან ახალგორის გადასასვლელი” – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

image_pdfimage_print

Comments

comments