ახალგორისა და პერევის გამშვები პუნქტების საკითხი კვლავ ღია რჩება

Картинки по запросу შეხვედრა ერგნეთშიერგნეთში მე-7 ტექნიკური შეხვედრა დასრულდა. ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებსა და გამშვები პუნქტების გახსნის აუცილებლობაზე მხარეები 3 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.

მხარეების პოზიციები კვლავ უცვლელია: დეფაქტო ცხინვალი საპოლიციო საგუშაგოს აღებას ითხოვს, ქართული მხარე კი აცხადებს, რომ მისი დემონტაჟი არ განიხილება. კვლავ ღია რჩება ახალგორისა და პერევის გამშვები პუნქტების საკითხი,ისევე როგორც წინა შეხვედრაზე, მხარები მხოლოდ დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე თანხმდებიან.

„პოზიციები უცვლელი იყო. ჩვენ ველოდებოდით ცხინვალელი მონაწილეებისგან მეტად კონსტრუქციულ პოზიციას. კიდევ ერთხელ განვაცხადეთ ის შეთავაზებები, რომლებიც აუცილებელად ხელს შეუწყობს ადგილზე სიტუაციის ნორმალიზებას. სამწუხაროდ, ჩვენი პოზიციები კვლავ არ დაემთხვა ერთმანეთს. ვისაუბრეთ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიასთან განვითარებულ მოვლენებზე. მათ გადასასვლელების ჩაკეტვა პირდაპირ დაუკავშირეს ჩორჩანას მოვლენებს. კვლავ დავაყენეთ საკითხი გადასასვლელების დაუყოვნებლივ აღდგენის შესახებ. პასუხი ამჯერადაც  უცნობია.

ასევე გვქონდა საუბარი დაკავებულების მდგომარეობის შესახებ. გვითხრეს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებაზე განაცხადეს, რომ გადიან ე.წ. პროცედურებს და ზუსტ დროს გვეტყვიან მოგვიანებით. ჩვენ შევთანხმდით ერთ რამეზე, აუცილებელია, დიალოგი გაგრძელდეს“, – განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.

რაც შეეხება კოდისწყაროდან გატაცებულებს, ანთაძის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ე.წ. პროცედურების დასრულების შემდეგ, მათი გათავისუფლების დრო დაზუსტდება.

მომდევნო შეხვედრა ერგნეთში დეკემბერში გაიმართება, ზუსტ თარიღზე მხარეები ცხელი ხაზის მეშვეობით შეთანხმდებიან. პარალელურად გაგრძელდება მოლაპარაკებები ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრების ფორმატის აღდგენაზე, რადგან უკვე სამი თვეა მხარეები ვერ მსჯელობენ ვერც უსაფრთხოების და ვერც ჰუმანიტარულ საკითხებზე, რაც მოსახლეობისთვის უდიდეს მნიშვნელობას წარმოადგენს.

image_pdfimage_print

Comments

comments