“ოპოზიციამ დროის დაკარგვა გააგრძელოს, ჩვენ საარჩევნო სამზადისს გავაგრძელებთ”

Картинки по запросу ირაკლი კობახიძესაპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „აიპიემის”და „სიარარსის” მიერ ჩატარებული კვლევები არჩევნების შედეგს ყოველთვის აცდენილია.

„ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე კომენტარებს „აიპიემის“ და „სიარარსის“ კვლევებთან დაკავშირებით. ეს კვლევები ყოველთვის აცდენილია რეალობას. საბოლოო ჯამში არის ხოლმე აცდენილი იმ შედეგებს, რომელიც იდება არჩევნებში. აქედან გამომდინარე, ჩვენი ოპონენტებიც კი, მიუხედავად იმისა, რომ აწყობთ ამის გაკეთება, ვერ ახერხებენ, სიხარულით შეხვდნენ ამ რეიტინგებს. კარგად იციან, რომ ეს რეიტინგი არის აცდენილი სინამდვილეს და შესაბამისად, არ აძლევს მათ ოპტიმიზმის საფუძველს“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ კვლევებზე მომუშავე კონკრეტული კომპანიები, პირდაპირ არიან დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიებთან – „აიპიემი“ არის ერთ განშტოებასთან დაკავშირებული, „სიარარსი“ – მეორე განშტოებასთან. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ მათი შედეგები ხან ერთი განშტოების და ხან მეორე განშტოების სასარგებლოდ იხრება ხოლმე.

„რაც შეეხება გადაუწყვეტელ ამომრჩეველს და რესპონდენტს, ძალიან მარტივად კეთდება ხოლმე ალოკაცია. ალოკაციის საფუძველზე როცა ტარდება კვლევა, კარგად ვხედავთ, როგორ დასრულდება შემდეგი საპარლამენტო არჩევნები. სწორედ ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მნიშვნელოვნად ავცდებით 50 პროცენტიან მაჩვენებელს. მითუმეტეს, ჩვენ გვაქვს ერთი წელიწადი, რომ კარგად მოვემზადოთ საპარლამენტო არჩევნებისთვის.

ვიდრე ოპოზიცია დროს კარგავს დესტრუქციული ნაბიჯების დაგეგმვაზე, ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის და გვაქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან. გააგრძელოს ოპოზიციამ დროის დაკარგვა, ჩვენ გავაგრძელებთ საარჩევნო სამზადისს, რაც გახდება საფუძველი იმისა, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI] კვლევის მიხედვით, მიმდინარე კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 23%  ხმას მისცემდა „ქართულ ოცნებას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობა – გაერთიანებულ ოპოზიციას“ 15 %, „ევროპულ საქართველოს“ 5 %.

„ლეიბორისტულ პარტიას“ ხმას მისცემდა 5%,  „პატრიოტთა ალიანსს“ – 4% , „სამოქალაქო მოძრაობას“ – 3 %, „ახალი საქართველოსთვის“- 2% , „დემოკრატიულ მოძრაობა-გაერთიანებული საქართველოსთვის“ ასევე 2%.  „ლელოს“ გამოკითხულთა 2 %  მისცემდა ხმას, „გირჩს“ – 1 % , „შენების მოძრაობა“ – 1 %.

გამოკითხულთა 32- %–მა  უპასუხა, რომ არ იცის, ან არ სურს პასუხის გაცემა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მცხოვრებმა. კვლევის ცდომილება არ აღემატება პლუს-მინუს 2.5 %–ს.

image_pdfimage_print

Comments

comments