“საპრივატიზაციო პროექტის ფარგლებში არანაკლებ 100 ობიექტი იქნება გამოტანილი”

Картинки по запросу თურნავაპროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტრო სულ მცირე, 200 მლნ ლარის ინვესტიციას ელოდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა  ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი შეფასებით, აღნიშნული პროექტი, რომელიც უწყებამ ბიზნესს შესთავაზა, უპრეცედენტო ინიციატივაა. მინისტრი განმარტავს, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში გაიმართება 100 პარალელური ელექტრონული აუქციონი.

„საერთო ჯამში, აუქციონზე არანაკლებ 100 ობიექტი იქნება გამოტანილი. მთლიანობაში ეს არის, სულ მცირე,  150 მლნ ლარის საწყისი ღირებულების ობიექტები. ველოდებით აქედან ინვესტიციას ასევე სულ მცირე, 200 მლნ ლარის. რაც მთავარია, ამ ციფრების მიღმა დგას ახალი სამუშაო ადგილები, დაახლოებით 2 500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, როდესაც ეს ობიექტები ამოიყიდება და აშენდება სასტუმროები, ახალი საწარმოები, ფერმები თუ სხვადასხვა ობიექტი“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ შემდეგ ბიზნესს პრობლემა არ შეექმნას და დროც არ დაიკარგოს, ყველაფერი წინასწარ არის მომზადებული, ობიექტები შეფასებულია, შეთანხმებულია ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, სხვადასხვა შესაბამის უწყებასთან.

„ასევე გვაქვს რეკომენდაციები, რა ტიპის ბიზნესი შეიძლება, კონკრეტულ ობიექტზე განვითარდეს. რა თქმა უნდა, ბიზნესს შეუძლია, შემდეგ შეცვალოს და თავისი შეხედულებით განავითაროს, მაგრამ პირველი ორიენტაციისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეყრდნობა ანალიზს. ველოდებით, რომ ამ გზით, როგორც დავპირდით მოსახლეობას, ერთი ფანჯრის პრინციპით ავაწყობთ სერვისებს. ეს არის ზუსტად ამ ერთი ფანჯრის პრინციპის გამოხატულება და ამ გზით, ჩვენ კვლავაც მაღალ ეკონომიკურ ზრდას შევინარჩუნებთ“, – აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავა ვარაუდობს, რომ აუქციონები უახლოესი 12 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

„რაც კი გვაქვს გაჩერებული და არ იყო აქამდე ჩართული ეკონომიკურ ბრუნვაში, ეტაპობრივად ყველაფერს შევთავაზებთ ინვესტორებს. გვინდა, ყველგან შეიქმნას მეურნეობები, საწარმოები, სასტუმროები და დასაქმდნენ ადამიანები“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დღეს ბიზნესს 100-ზე მეტი საპრივატიზაციო ობიექტი წარუდგინა. პრივატიზებისთვის განკუთვნილი ობიექტების ნუსხა მოიცავს ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას და მოიცავს თბილისსა და საქართველოს 45-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტს. საპრივატიზაციო ნუსხაშია სამრეწველო ობიექტები, სასაწყობე და სატბორე მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და დეველოპერებისთვის საინტერესო სხვა სახელმწიფო ქონება.

image_pdfimage_print

Comments

comments