ყველი და რძის პროდუქტები ირანული რძისგან: რა საფრთხეს ხედავენ ქართველი ფერმერები?

Картинки по запросу молоко „ბოლო დროს ირანიდან შემოდის შესქელებული მაღალცხიმიანი რძე, რომელზეც აქტიურად გადავიდნენ ჩვენი გადამამუშავებელი საწარმოები, განსაკუთრებით, დიდი კომპანიები. მისგან ყველაზე სარფიანად მზადდება ყველი. დაახლოებით 30 პროცენტით მეტ მოგებას იღებენ. საინტერესო ისაა, რომ არავინ იცის მისი რეალური შემცველობა ან რამდენად სანდოა მისი წარმოშობის სერტიფიკატი, ან რამდენად გამართლებულია, ამ მასისგან მიღებულ პროდუქტს საღი რძისგან მიღებული დაეწეროს?“ – დაწერა ორიოდე დღის წინ ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელმა, რუსუდან გიგაშვილმა ფეისბუკის პირად გვერდზე და პოსტს ირანული პასტერიზებული რძის კონტეიენერის ფოტოც დაურთო.

რუსუდან გიგაშვილი სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოსა და სხვა შესაბამისი უწყებებისგან ითხოვს, შემოწმდეს საქართველოს ბაზარზე ირანიდან ცოტა ხნის წინ შემოსული გაყინული რძე, რომლითაც საქართველოში ყველს, ხაჭოს და რძის სხვა პროდუქტებს ამზადებენ.

რუსუდანი ამბობს, რომ მომხმარებელს აქვს უფლება, იცოდეს, ირანული რძისგან დამზადებულ ყველს მიირთმევს თუ ქართველი მერძევე ფერმერების მიერ წარმოებული ნედლი რძისგან დამზადებულ პროდუქტებს. „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელი იმაზეც წუხს, რომ ადგილობრივ ფერმერებს, ვინც ნედლ რძეს აწარმოებს, დავარდნილი ფასის გამო რძის წარმოება აღარ უღირთ.

„გვინდა თუ არა საერთოდ ქვეყანაში რძე? რა პოლიტიკა გვაქვს და რას ვუპირებთ დარგს?! ადგილობრივი ბაზრის დაცვის მექანიზმებზე რომ ვართ დადუმებულები, ესეც ამ თემის გაგრძელებაა“, – წერს რუსუდან გიგაშვილი.

ქართულ ბაზარზე გამოჩენილი ახალი ნედლეული, რომელიც მაღალიცხიმიანობით გამოირჩევა, ბიზნესს მეტ მოგებას უტოვებს – თუ ამ კუთხით შევხედავთ, ამბობს რუსუდან გიგაშვილი, ბიზნესის მხრიდან ეს სწორი გადაწყვეტილებაა:

„დაასხამ სამ ლიტრ წყალს და მშვენიერი ყველი გამოდის, გადამამუშავებელ საწარმოებს კი საერთოდ აღარ უღირთ ნედლი რძის შესყიდვა“, – გიგაშვილის ეჭვებს თავად ნედლეულის ხარისხის თაობაზე საფუძვლად ის უდევს, რომ ეს პროდუქცია ირანიდან შემოდის და არა რომელიმე ევროპული ქვეყნიდან:

„რა ვიცით მის შესახებ? შემოწმებულია? ჩვენს ლაბორატორიაში გაიარა შემოწმება თავად პროდუქციამ? ირანზე გვაქვს საუბარი, სადაც ძალიან მარტივად შეიძლება საჭირო დოკუმენტაციის გაყალბება. ამიტომ გვინდა ვიცოდეთ ზუსტად, რა პროდუქტია ეს და, მეტიც, ეს ინფორმაცია ეტიკეტზეც ეწეროს. იქნებ მე არ მინდა ირანული გაყინული რძისგან ნაწარმოები რძის ყველის ყიდვა? იქნებ მე, მაგალითად, დედოფლისწყაროს ფერმაში ნაწარმოები ნედლი რძისგან დამზადებული ყველი მინდა ბავშვს ვაჭამო?“

მეორე პრობლემა, რომელზეც მერძევეთა ასოციაციაშიც საუბრობენ, არის ის, რომ ირანული რძის შემოტანის შემდეგ, დიდმა კომპანიებმა ქართული ნედლი რძის შესყიდვას მოუკლეს და ყველის, ხაჭოს, არაჟნისა და სხვა პროდუქტების დამზადება ამ პასტერიზებული რძისგან დაიწყეს. და თან ეს იმ ფონზე, როცა რძის პროდუქტების უდიდესი ნაწილი საქართველოში ისედაც რძის ფხვნილისგან მიღებული რძისგან მზადდება.

„ანუ გამოდის, რომ საქართველოს ბაზარზე არსებული ყველა რძის პროდუქტი მალე ან რძის ფხვნილზე, ან ირანიდან შემოტანილი ამ გაყინული რძისგან იქნება დამზადებული და ქართული ნედლი რძე საერთოდ გაქრება“, – ეჭვობს მერძევეთა ასოციაციის ხელმძღვანელი და კომპანია „შირაქის“ დამფუძნებელი ნიკოლოზ ბენიაიძე.

იმ პროდუქტებს, რომლებიც ირანული რძისგან მზადდება და მაისის შემდეგ იყიდება საქართველოს ბაზარზე, არ აწერია, თუ რა წარმომავლობის რძისგანაა ის დამზადებული.

ამის ვალდებულება, როგორც სურსათის უვნებლობის სააგენტოში განგვიმარტეს, მწარმოებელს არც აქვს – წარმომავლობა აუცილებელია ეწეროს თავად ნედლეულს – ანუ შემოტანილ რძეს. მისგან დამზადებულ პროდუქტზე კი აღნიშნული უნდა იყოს ის, პროდუქცია საღი რძისგანაა დამზადებული თუ აღდგენილი რძისგან – იგივე რძის ფხვნილისგან. ირანული პასტერიზებული რძის წარმომავლობის შესწავლის მოთხოვნა სააგენტოსგან ფერმერებმაც მოითხოვეს და მას წერილით უკვე მიმართეს.

საქართველოს მერძევეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პირველად მაშინ დაეჭვდა, როცა ყველის გაყიდვებმა იკლო. დაინტერესდა, რა ხდებოდა და გაარკვია, რომ გადამამუშავებელმა კომპანიებმა პროდუქციის წარმოება ახლად შემოტანილი ირანული რძისგან დაიწყეს, რომელიც საქართველოში უკვე ტონობით იყიდება.

Похожее изображение

ქართველი ფერმერები ამბობენ, რომ ნედლ რძეზე ფასს მეტად ვეღარ დააგდებენ – მაშინ წარმოება უნდა დახურონ. მაგალითად, „შირაქი“ ერთ ლიტრ ნედლ რძეს 1 ლარად და 40 თეთრად აბარებს გადამამუშავებელ საწარმოს. თუმცა ნიკოლოზ ბენიაიძე ამბობს, რომ ქართულმა ფერმებმა რომ არსებობა შეძლონ, ლიტრი რძე ლარ-ნახევრად და 1,55-დ მაინც უნდა გაიყიდოს. ფასს ვერ აგდებენ იმიტომაც, რომ ძროხის საკვები, რომელიც საქართველოში არ იწარმოება, საკმაოდ ძვირი უჯდებათ. მის გარეშე კი ძროხა ხარისხიან რძეს ვერ მოიწველის.

„მე მესმის, რომ დიდ კომპანიებს თავისი დღის წესრიგი აქვთ, ეს ბიზნესია და რაც უფრო მომგებიანია, ცხადია, იმ გზას დაადგებიან, ჩვენი წარმოების განვითარებაზე ისინი არც არიან მოვალე, იზრუნონ, მაგრამ სად არის ამ დროს სახელმწიფო? მაგალითად, ევროპაში ეს სფერო სუბსიდირებულია და იქაურ ფერმერებს ძალიან იაფი უჯდებათ საკვები, ამიტომ რძესაც ნაკლებ ფასად აბარებენ. ჩვენ კი დღგ-ც ვერ მოვახსნევინეთ მთავრობას. მოკლედ, სულ უფრო ვრწმუნდებით, რომ ნედლი რძის მოთხოვნა საქართველოში არ არის. გამოდის, ტყუილად ვწვალობთ ფერმერებიც“.

მერძევეთა ასოციაციის ხელმძღვანელი გვეუბნება, რომ სახელმწიფოს მხრიდან თუნდაც რამდენიმეწლიანი მხარდაჭერის და მკაფიო პოლიტიკის გარეშე ეს სექტორი ვერ განვითარდება.

„თუ სხვა გზა ვერ ვიპოვეთ, ჩვენც შევწყვეტთ საღი რძის წარმოებას და ჩვენც გადავალთ სხვა ნედლეულზე, ოღონდ, ცხადია, ეტიკეტზე მითითებით. თუმცა ჯერ ვუძლებთ და ამიტომ მოვითხოვთ სახელმწიფოსგან, შეამოწმოს, რა შემოდის ბაზარზე, რა გვიწევს კონკურენციას… მაშინ რისთვის ვაკეთებთ ამ ფერმებს? სახელმწიფომ მარტო იაფი სესხი რომ მოგვცეს, ისიც დოლარში და შუა გზაში მიგვატოვოს? ასე არ ვითარდება მერძეული მესაქონლეობა ქვეყანაში. ხომ ყველასთვის ცნობილია, რომ ნედლი რძის გარეშე ბავშვი ჯანმრთელი ვერ გაიზრდება – მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ასე დგას ეს საკითხი. იქნებ ჩვენც ასე შევხედოთ“, – გვითხრა ნიკოლოზ ბენიაიძემ.

ირანული რძე, რომელიც, როგორც ჩანს, საქართველოში მოქმედ რძის გადამამუშავებელ კომპანიებში უკვე წარმატებით იყიდება, საქართველოში მაისის თვეში გამოჩნდა.

ირანული პასტერიზებული მაღალცხიმიანი რძე, როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, საქართველოში კომპანია „ალანდონ კაპიტალს“ შემოაქვს. მისმა დამფუძნებელმა, გელა ზარქუამ გვითხრა, რომ ეს არის ნატურალური პროდუქტი – ძროხის პასტერიზებული რძე, რომელიც საქართველოში მართლაც ირანიდან შემოაქვს, გაყინული სახით და ის წყლით რეგულირდება.

„უხეში შედარება რომ მოვიყვანოთ, სპირტი რომ ავიღოთ და მისგან ვაწარმოოთ არაყი. ან ლიქიორი. ასეა აქაც. ამ ნედლეულიდან წყალი ამოტუმბულია და აქ ამატებენ უკვე ქართულ წყალს გადამამუშავებელი კომპანიები. რაც შეეხება თავად რძეს, ის, ცხადია, ჯერ ირანში მოწმდება და შემდეგ, ყველა შემოტანაზე მოწმდება საქართველოს საბაჟოზეც. რამე პრობლემა რომ ყოფილიყო, აქამდე გვეცოდინებოდა“.

გელა ზარქუა პასუხს მხოლოდ მის მიერ შემოტანილ ირანულ რძეზე აგებს და ამბობს, რომ მისი შემოტანილი პროდუქტი „სუფთა და წკრიალა, ყველა სტანდარტს რომ შეესაბამება, ისეთი რძეა“, რაც შეეხება იმას, თუ რას აწერენ უკვე მისგან დამზადებულ ყველს თუ ხაჭოს, ეს მწარმოებლების პასუხისმგებლობაა. შემოწმება კი – სახელმწიფოს პრეროგატივა. ირანული კომპანია, რომლისგანაც გელა ზარქუას კომპანია ამ რძეს ყიდულობს, მისი თქმით, დიდი კონცერნია, რომელსაც ირანში 16 ქარხანა აქვს, საიდანაც არაერთი ქვეყნის ბაზარი მარაგდება. მათ შორის, რუსეთის ბაზარიც.

 

არის თუ არა ქართული ნედლი რძის ირანული რძით ჩანაცვლების მიზეზი დაბალი ფასი? ამ კითხვაზე გელა ზარქუა გვპასუხობს, რომ არა. მიზეზი ის არის, რომ საქართველოში არ იწარმოება საკმარისი რაოდენობით ნედლი რძე:

„მოდით, პატარა ექსპერიმენტი ჩავატაროთ – დავუშვათ, მე დღეს მჭირდება 200 ტონა რძე. თუ თქვენ დღესვე ამ რაოდენობის რძეს მაყიდინებთ საქართველოში, მე ამ ბიზნესს გავაჩერებ. ვერ მაყიდინებთ. მე კი შემიძლია, რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიას დღესვე 300 და 500 ტონა რძე მივაწოდო. საქართველოში წარმოებულმა ნედლმა რძემ ქარხნები რომ დააკმაყოფილოს, მაშინ არც ამ რაოდენობის რძის ფხვნილის იმპორტი იქნებოდა ქვეყანაში“, – გვითხრა გელა ზარქუამ.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საკითხის მოკვლევა მერძევე ფერმერების წერილის მიღების შემდეგ დაიწყო. მათ ჯერ არა აქვთ პასუხი კითხვაზე, რამდენად აკმაყოფილებს ირანული რძე კანონმდებლობით გათვალისწინებით მოთხოვნებს და მის შესწავლას დრო დასჭირდება. თუმცა, გვითხრეს, რომ შეუმოწმებელი პროდუქცია საბაჟოს ვერ გადმოკვეთდა.

ჩვენს კითხვაზე, თუ რა პასუხი აქვს სახელმწიფოს მერძევე ფერმერების ჩივილზე, გვითხრეს, რომ სააგენტო არ არის ის უწყება, ვინც ამ კითხვას უპასუხებს და რომ, ზოგადად, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფასწარმოქმნაში სახელმწიფო არ ერევა.

თავისუფალი ბაზრის კანონებს კარგად იცნობს „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელი რუსუდან გიგაშვილიც, თუმცა მაინც ამბობს, რომ ბიზნესის გარდა არსებობს ადგილობრივი ფერმერების ინტერესებიც:

„ბიზნესისთვის ეს მომგებიანი გზაა, ქვეყნისთვის კი წამგებიანი“, – უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

პ.ს. რადიო თავისუფლება ასევე დაინტერესდა, რძის ფხვნილის რა რაოდენობის იმპორტი ხორციელდება საქართველოში ყოველწლიურად. სტასტიკის ეროვნული სამსახურმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2017 წელს საქართველოში შემოტანილია 9956 ტონა რძის ფხვნილი, 2018 წელს – 8292, ხოლო 2019 წელს იანვარ-ოქტომბრის ჩათვლით – 6750 ტონა რძის ფხვნილი. იმპორტიორი ქვეყნები კი არიან უკრაინა, ბელარუსი, საფრანგეთი, გერმანია და სხვები.

“რადიო თავისუფლება”

image_pdfimage_print

Comments

comments