გიორგი გახარია უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა


ვოლოდიმირ ზელენსკი გიორგი გახარიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი გახარიამ და ვოლოდიმერ ზელენსკიმ საქართველოსა და უკრაინის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

პირისპირ შეხვედრისას, ლიდერებმა განიხილეს ორი ქვეყნის საერთო ევროპული პერსპექტივა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები. ხაზი გაესვა ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, რომელმაც ორივე სახელმწიფოსთვის კონკრეტული შედეგები უნდა მოიტანოს.

პრემიერ-მინისტრმა გახარიამ და პრეზიდენტმა ზელენსკიმ ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, რომელიც ორიენტირებული იქნება უსაფრთხოების კუთხით საერთო გამოწვევების გადალახვასა და წარმატების მიღწევაზე ორი სახელმწიფოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

პირისპირ აუდიენციის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და პრემიერმინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულებისთანავე, გიორგი გახარიამ და ვოლოდიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოსა და უკრაინის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შექმნის თაობაზე. სტრატეგიული საბჭოს საქმიანობა მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას – პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, თავდაცვა-უსაფრთხოებასა და კულტურულ-ჰუმანიტარულს. თითოეული მიმართულებით შექმნილ სამუშაო ჯგუფებს შესაბამისი მინისტრები უხელმძღვანელებენ, რაც ორმხრივი ყოვლისმომცველი დიალოგის  მაღალ დონეზე წარმართვას უზრუნველყოფს.

ორი ქვეყნის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი შეთანხმების უმაღლეს დონეზე ხელმოწერა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორი სახელმწიფოს მზაობას, ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ეტაპზე გადაიყვანონ.