"ოკუპაციის პრობლემის გადასაჭრელად მხოლოდ დიპლომატიური ბერკეტები უნდა გამოვიყენოთ"


salome2ოკუპაციის პრობლემის საწინააღმდეგოდ საჭიროა მხოლოდ დიპლომატიური ბერკეტები, მხოლოდ მშვიდობიანი გზა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ინსტალაციების აღმართვის თემაზე საუბრისას განუცხადა.

„ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პრობლემა არის ოკუპაცია. ეს გითხარით და გავიმეორებ რამდენჯერაც საჭირო იქნება – მხოლოდ დიპლომატიური ბერკეტები, მხოლოდ მშვიდობიანი გზა. უნდა გამოვიყენოთ ყველა საშუალება, რაც არსებობს დედამიწის ზურგზე და ვიყენებთ მაქსიმალურად.

კიდევ უნდა ვეცადოთ დიპლომატიურად და ამას არასდროს შევაჩერებთ. დაძაბულობისა და ესკალაციის გზაზე ჩვენ უარი ვთქვით“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ოზურგეთში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს განაცხადეს, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების პროვოკაციული აქტივობების შედეგად, განხორციელდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო ინსტალაციების აღმართვა, რაც უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის კონტექსტში განიხილება. სუს-ის ცნობით, აღნიშნული პროცესი წარმოადგენს იმ უკანონო აქტივობების ნაწილს, რასაც საოკუპაციო ძალები, 2011 წლიდან ახორციელებენ საოკუპაციო ხაზის მთელს პერიმეტრზე.