ბიუჯეტის დეფიციტი 3.5%-მდე გაიზრდება, მთავრობის ვალი კი 43%-ს გადააჭარბებს – ჯაფარიძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ი, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ უარყოფით პროგნოზს აკეთებს. ჯაფარიძის თქმით, წელს მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა კვლავ გაუარესდეს და დაასახელა კონკრეტული სფეროები, სადაც მდგომარეობის გაუარესება არის მოსალოდნელი.
“როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს რეიტინგი გააუარესა – BB- პოზიტიურიდან, რეიტინგი შეიცვლა BB- ს ტაბილურად.
ჩვენ გვინდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, თუ რა მოლოდინებია გაცხადებული fitch-ის მიერ საქართველოს წლევანდელ ეკონომიკურ მდგომარეობასთან მიმართებაში. Fitch-ი ელის, რომ წელს:
საქართველოს სავალუტო რეზერვები 2.5 თვის იმპორტის ზღვარს ქვემოთ იქნება
ექსპროტი შემცირდება 20%-ით
მიმდინარე ანგარიშიც დეფიციტი გაიზრდება მშპ-ს 9-დან 14%-მდე
წმინდა საგარეო ვალი გაიზრდება მშპ-ს 58-დან 80%-მდე
ეკონომიკური ზრდა შემცირდება 2%-მდე
ერთ სულ მოსახლეზე მშპ შემცირდება 3,623 დოლარიდან 2,923 დოლარამდე (700 დოლარით ნაკლები)
ეს ნიშნავს, რომ მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით, ერთ სულ მოსახლეზე მშპ დაახლოებით შემცირდება 7,666 დოლარიდან 6,209 დოლარამდე (1,456 დოლარით ნაკლები)
ბიუჯეტის დეფიციტი გაიზრდება 3.5%-მდე
მთავრობის ვალი გაიზრდება 43%-ზე ზემოთ
როგორც ვხედავთ, წელს მოსალოდნელია საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება. ჩვენ ამის შესახებ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას ჯერ კიდევ 2 წლის წინ – რომ თუ არ მოხდებოდა გააზრებელი ცვლილებები ეკონომიკურ პოლიტიკაში, ეს აუცილებლად დასრულდებოდა უარყოფითი შედეგებით საქართველოს მოქალაქეებისთვის.
სამწუხაროდ დღეს ამას უკვე აცხადებს და ადასტურებს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო. დღეს ჩვენ ვხედავთ რომ ხელისუფლება კვლავ იმყოფება სირაქლემას პოზიციაში და კოსმეტიკური ქმედებებით ცდილობს შექმნილი ვითარების გადაფარვას.
საჭიროა ბევრად რადიკალური ნაბიჯების გადადგმა: გადასახადების შემცირება, მთავრობის ხარჯების შემცირება და რეგულაციების გაუქმება. თუმცა, ამ ხელისუფლებას მსგავსი რეფორმების გატარებისთვის საჭირო არც კომპეტენცია აქვს და არც პოლიტიკური ნება, ამიტომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.”

image_pdfimage_print

Comments

comments