დღეს 9 აპრილია


კაცი ისე როგორ უნდა მოკვდეს, კვალი ...1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა. ამ დღეს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

„31 წლის წინ წინ, 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარმა ჩაიდინა დანაშაული. ეს დანაშაული იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თუმცა უდიდესი იმედიც და ეს იმედი განხორციელდა უკვე ახალ 9 აპრილს, 1991 წელს, როდესაც ქვეყანამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ჩვენ დავიწყეთ სახელმწიფოებრიობის მშენებლობა უახლოეს ისტორიაში.

ჩვენ, ჩვენი გმირების ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთ ყოველთვის და რა თქმა უნდა, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მსხვერპლი გაღებული იყო იმისთვის, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატებული, ეფექტური სახელმწიფო და ეს ბოლო წლები ამ სახელმწიფოს შექმნის პროცესი უნდა იყოს კიდევ და კიდევ ეფექტური და წარმატებული.

მე მინდა, ქედი მოვიხარო, როგორც თითოეული მათგანის მიმართ, ასევე, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, უკვე ახალ, სხვა ბრძოლაში მოვუწოდო, გვახსოვდეს წარსული, გვახსოვდეს ის ერთიანობის განცდა, რამაც ჩვენ 1989 წლის 9 აპრილიდან მიგვიყვანა 1991 წლის 9 აპრილამდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, დილიდან მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან მიდიან და 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. თუმცა, გასული წლებისგან განსხვავებით, 9 აპრილის მემორიალთან ხალხმრავლობა არ არის.