3 თვის განმავლობაში საქონლის ექსპორტი 5.9%-ით, იმპორტი კი 1.4%-ით შემცირდა


Международный курс ИСФМ «Корпоративные финансы»სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით ფასების 2.5%–იანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე. აღსანიშნავია ფასების ზრდა ძირითად ლითონებზე (6.9 %) და სასმელებზე (2.5 %).

„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის მარტში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3 %–ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 8.7 %–ით გაიზარდა.

„12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია, ფასები გაიზარდა 8.7 %–ით. ფასები მომატებული იყო კვების პროდუქტებზე (12.4 %). სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: დაფიქსირდა ფასების 13.7-%–იანი ზრდა. ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები მომატებულია 7.4 %–ით”, – აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.

რაც შეეხება ექსპორტ–იმპორტის მონაცემებს,  2020 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 773.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7 %–ით ნაკლებია.

საქსტატის მონაცემებით, აქედან ექსპორტი 778.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (5.9 %–ით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 1 995.8 მლნ. აშშ დოლარს (1.4%–ით ნაკლებია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარმარტში, 1 217.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.9 %–ს შეადგენს.

2020 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.8 % შეადგინა. პირველ სამეულში შედიან: თურქეთი (348.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (210.1 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (184.3 მლნ. აშშ დოლარი).

2020 წლის იანვარ-მარტში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 159.0 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 20.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 127.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 16.4 %), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 58.2 მლნ. აშშ დოლარით (7.5%).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წლის იანვარ-მარტში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 173.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.7 % შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 150.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები 135.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.8 %).