კომენდანტის საათი ძალში რჩება, შეზღუდვები 6 ეტაპად მოიხსნება

ტრასა. სატვირთოსაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომენდანტის საათის მოქმედება რჩება ძალაში.

„როგორ საზოგადოებისთვის ცნობილია, 15 აპრილის 21:00 საათიდან აიკრძალა თბილისში,  რუსთავში,   ბათუმსა და  ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა.

27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია ზემოაღნიშნულ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც გადაადგილდებიან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით. ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა, რეგისტრირებულ მისამართზე დაბრუნების მიზნით, შესაძლებელია ნებისმიერ დროს. სხვა მიზნებით ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა კვლავ აკრძალულია.

კომენდანტის საათის მოქმედება რჩება ძალაში“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიას  განცხადებით, პირველ ეტაპზე, ანუ 27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება. გარდა ამისა სრულად იქნება დაშვებული ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა – საბითუმო და საცალო, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

მთავრობის მეთაურმა განმარტა, თუ რას ითვალისწინებს შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპი.

„ეს იქნება მშენებლობა, მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა, სამშენებლო მასალების წარმოება, ავტო-სამრეცხაოები და ავტო-სერვისები სრულად, კომპიუტერების, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ პირველი, მეორე და მესამე ეტაპი ძირითადად ის  საქმიანობებია, რომელიც სრულად არა, მაგრამ ძირითადად ღია სივრცესთან არის დაკავშირებული.

მესამე ეტაპზე გაიხსნება საცალო და საბითუმო მაღაზიები, გარდა მოლებისა, რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან. ასევე, ყველა ტიპის ღია ბაზრობა, ყველა ტიპის წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა.

მეოთხე ეტაპზე გაიხსნება სავაჭრო მოლები, ღია ტიპის რესტორნები და კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით. ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება, სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.

მეხუთე ეტაპზე გაიხსნება დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები, ყველა ტიპის რესტორანი /კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით.

მეექვსე ეტაპზე კი გაიხსნება გასართობი, სპორტული-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა. აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი, სასტუმროები, საგანამათლებლო დაწესებულებები, ყველა სხვა საქმიანობა (არადისტანციურ რეჟიმში).

image_pdfimage_print

Comments

comments