"დაახლოებით 350 ათას ფორმალურ სამუშაო ადგილს დავკარგავთ"


New Posts: სკანდალი: გიორგი გახარია ...საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმის პროექტის წარდგენის შემდეგ  აღნიშნა, რომ სოციალური დახმარების შეთავაზება იმ გათვლით არის გაკეთებული,  რომ მსალოდნელია 350 ათასამდე ფორმალური სამუშაო ადგილის  დავკარგვა.

„ჩვენი პროგნოზების დონეზე და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების იმ ტენდენციის ფონზე, რომელიც დღეს არის, სიტუაცია ყოველ დღე იცვლება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება დაახლოებით 350 ათასი ფორმალური სამუშაო ადგილი, რომელსაც დავკარგავთ. ამაზე გათვლით გვაქვს ეს სოციალური დახმარების შეთავაზება გაკეთებული. თუმცა, მის გარდა იქნება არაფორმალური დასაქმების ნაწილში სერიოზული პრობლემები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პრემიერის თქმით, სერიოზული დარტყმა იქნება ასევე სოფლის მეურნეობასა და ფერმერებზე.

„მინდა, თქვენი ყურადღება მივაპყრო მეწარმეების ცალკე ჯგუფს, უნდა ვიცოდეთ, რომ შემდეგი სერიოზული დარტყმა ვისზეც იქნება, ეს იქნება სოფლის მეურნეობა და ფერმერები. ადგილობრივი ფერმერების მოთხოვნის სტრუქტურა სრულად იყო დამოკიდებული ტურიზმზე, არა მხოლოდ ჩვენს მოთხოვნაზე, ჩვენი შიდა მეურნეობის მოთხოვნაზე, არამედ იმ მოთხოვნაზე, რომელსაც აგენერირებდა ტურიზმი და რომელიც დღეს არ არის. ამიტომ ჩვენი სოფლის მეურნეობა ტურისტული ნაკადების ბოლო წლების განმავლობაში ასეთი ზრდის შედეგად აწყობილი იყო ყოველ წლიურ ზრდაზე და იმაზე, რომ პირველადი მოთხოვნილება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ტურიზმიდან წამოსული დაეკმაყოფილებინა. დღეს ეს მოთხოვნა აღარ არის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავალებული აქვს, სპეციალური ღონისძიებების ნუსხა წარმოადგინოს, რათა ფერმერების დახმარება მოხდეს.

„ამის ექსპორტით ჩანაცვლება ამ მოკლე პერიოდში უკიდურესად რთული იქნება. რა თქმა უნდა, ამ მოთხოვნას ტურიზმიდან წამოსულ მოთხოვნას ჩვენი შიდა მეურნეობები ვერ დააკმაყოფილებენ, ჩვენი შიდა მეურნეობების მოთხოვნის სტრუქტურაც შეიცვალა, რადგან ფინანსურად ადამიანებსა დ ოჯახებს რომ გაუჭირდათ, მათი მოთხოვნის სტრუქტურაც შეცვლილია. იქ უკვე პირველადი სხვა პროდუქტები ხდება. ამიტომ სოფლის მეურნეობისა და ფერმერობის ნაწილში გამოწვევა სერიოზული იქნება, განსაკუთრებით, იმ პროდუქტებსა და სასოფლო-სამეურნეო დარგებზე, რომლებიც შიდა მოთხოვნას აკმაყოფილებდნენ, არ ვამბობ, რომ თხილსა და სხვა მიმართულებაზე. ამიტომ ჩვენი შემდგომი ყურადღებისა და დახმარების ობიექტი იქნება სოფლის მეურნეობა და ფერმერობა. პირველ შემთხვევაში მათ პროდუქციაზე ფასების რადიკალური ვარდნა იქნება და საერთოდ, გასაღებაც პრობლემური იქნება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავალებული აქვს, სპეციალური ღონისძიებების ნუსხა წარმოადგინოს, რათა ფერმერებს დავეხმაროთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.