ფერეიდანელი ქართველი:"ჩემი ოცნება გახდა მამაჩემის დაბრუნება საქართველოში”


68 წლის მუჰამედ ონიკაშვილი ფერეიდანში მცხოვრები ქართველია, მისი წინაპრები დაახლოებით 4 საუკუნის წინ ირანში გადაასახლეს.

ირანის ეს პატარა ქართული კუთხე დღემდე ინარჩუნებს ქართველობას, ენასა და ქართულ ტრადიციებს. ბატონი მუჰამედის ერთადერთი ოცნება კი ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებაა. 

ერთხელ, 1 თვით შვილებმა საქართველოში ჩამოიყვანეს – “ბოლის ცრემლები ვერ შეიკავა და ზუსტად ასეთი მესიზმრებოდაო, გვითხრა. მის მერე ჩემი ოცნება გახდა მამაჩემის დაბრუნება საქართველოში”. ახლა მისი შვილი, სოფი ონიკაშვილი მამის ოცნების ასახდენად დახმარებას ითხოვს: 

“ეს მამაჩემია, ფერეიდნელი ქართველი მუჰამედ ონიკაშვილი, რომელიც ახლა ირანში ცხოვრობს. 68 წლის გახდა უკვე. მთელი ცხოვრება ზრუნავდა სხვებზე.ჯერ მშობლებზე, და-ძმაზე ,ძმიშვილებზე და ბოლოს კი შვილებზე .ცოტა არ გეგონოთ, არც მეტი არც ნაკლები – 8 შვილი. ყველაფერში მხარდამხარ ედგა დედაჩემიც, მასუმე ასლანიშვილი.მის ხელში ხარობს და ყვავის ყველაფერი. პატარა სახლში იმხელა ჯუნგლები აქვს მოშენებული.

ერთმანეთის გარეშე არსად მიდიან, მამაჩემს არასოდეს უსაუბრია საკუთარ ოცნებებზე, თუმცა ყველამ ვიცოდით, რომ გიჟდებოდა სოფელსა და მიწაზე. სულ უნდოდა, ჰქონოდა საკუთარი მიწა, რომელიც სამწუხაროდ ვერა და ვერ შეძლო, რომ ჰქონოდა. წლების წინ,როდესაც მე გამომიშვა სამშობლოში(აქვე გეტყვით, რომ იმ დროისთვის ქალიშვილებს სხვა ქალაქშიც კი არ უშვებდნენ, არა თუ სხვა ქვეყანაში) ,მაშინ მივხვდი , რომ მან საკუთარი ოცნება აისრულა ჩემში. რამდენიმე წლის შემდეგ კი შეძლო და თავადაც მოინახულა სამშობლო . ერთი თვე დარჩა საქართველოში და მოინახულა კახეთი და რაჭა. ჯერ გაოცებული იყო ქართველთა შორის ამხელა მსგავსებით. კახეთში სულ იმას იძახდა, მეგონა ჩემს სოფელში ვარ, იმდენი ნაცნობი სახე მხვდებაო.

მერე რაჭაში გაოცებული უყურებდა გარემოს და იმეორებდა,ნუ თუ მართალია. ეს ყველაფერი სიმართლე ყოფილა. ბოლის ცრემლები ვერ შეიკავა და ზუსტად ასეთი მესიზმრებოდაო, გვითხრა. მის მერე ჩემი ოცნება გახდა მამაჩემის დაბრუნება საქართველოში. თან გავიგე, რომ უამრავი მიტოვებული სახლ-კარია ამ ქვეყანაზე. ხომ შეიძლება მათი პოვნა, აღება და დამუშავება? ამით სამშობლოშიც იქნება და მიწაზეც იმუშავებს.ორი ოცნება აუხდება ერთად. მარტო ვერაფერს გავხდი და ჩავთვალე, მეგობრების დახმარებით გამოვიდოდა ეს ამბავი. ამიტომ უნდა გკითხოთ აზრი. ხომ არ გეგულებათ მსგავსი რამ, პატარა, ძველი სახლი ეზოთი, შეძლებისდაგვარად თბილისთან ახლოს (ორი პატარა მყავს და მიმოსვლა და დახმარება რომ შევძლო სანამ მიეჩვევიან ყველაფერს და წელში გაიმართებიან) ?ან სად და ვის შეიძლება მივმართო ამ თხოვნით? მე ძალიან მინდა, რომ ავუსრულო ეს ოცნება ჩემს მშობლებს და თქვენი იმედიც მაქვს, რომ ამ გზაზე მარტოს არ დამტოვებთ. ისევე როგორც ყოველთვის, მე მაქვს ჩემი მეგობრების იმედი.

ხო , მართლა, მან იცის მეფუტკრეობა და მშვენივრად გამოსდის. ერთი პრობლემა ისევ და ისევ ადგილის უქონლობაა, თორემ აუცილებლად მეფუტკრეობასაც მოკიდებდა ხელს. მოკლედ ველი თქვენს რჩევებსაც,”- სოფი ონიკაშვილი.

kartuli.kvira.ge