“საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჯერ არ ამუშავდება, რამდენიმე თვის განმავლობაში ახალ რეალობაში მოგვიწევს ცხოვრება”


კვირის პალიტრა - "საზოგადოებრივი ...საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 23 მაისს სრულდება. პრეზიდენტის დეკრეტი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ 22 მაისის ჩათვლით მოქმედებს. შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, მათ შორის, კომენდანტის საათი ხვალ, 22 მაისსაც იმოქმედებს და 23 მაისიდან მოიხსნება.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, კომენდანტის საათი.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიუხედავად, საჭიროა ელემენტარულ წესების დაცვა, რომლებიც „მოგვცემს შესაძლებლობას, შევაფერხოთ და ვმართოთ ვირუსის განვითარების ტემპი“. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შესამუშავებლად, მთავრობამ პარლამენტს უკვე მიმართა.

„ჩვენ ამ თხოვნით მივმართეთ პარლამენტს, ეს მუშაობა ახლა მიმდინარეობს და იმედია, გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც აუცილებელია ჯანდაცვის სფეროსთვის, იქნება შენარჩუნებული“, – დასძინა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას, ეს საკითხი დაკავშირებულია ეპიდმდგომარეობასთან.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე ჯერ საუბარი არ არის. ეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც შეზღუდვა. ეს არის ის რეალობა, რა რეალობაშიც ჩვენ შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში მოგვიწევს ცხოვრება. ეს არ არის მხოლოდ საქართველოში. ეს არის მთელს მსოფლიოში.

გვაქვს ახალი რეალობა, რომელიც არის კონცენტრირებული და ორიენტირებული COVID 19-ის კონტროლზე და მექანიზმებზე. ეს არ უნდა წარმოვიდგინოთ როგორც შეზღუდვა, ეს არის ხელშეწყობა იმისა, რომ ქვეყანაში არ გვქონდეს ეპიდაფეთქება ხელახალი და ქვეყანაში რაც შეიძლება დაბალი იყოს დაავადებულთა რაოდენობა.

შესაბამისად, ამის მენეჯმენტიც იყოს ადეკვატური. ეს არის ყველა ნაბიჯი, რომელიც ქმნის საშუალებას, რომ როგორც სწრაფად, ოპერატიულად და შედეგიანად შევძელით COVID 19-ის მართვა, ასევე სწრაფად და ეფექტურად შევძლოთ ჩვენი ეკონომიკის გახსნა და ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება. მაგრამ ეს ჩვეულებრივი რეჟიმი იქნება განსხვავებული რეჟიმი, რომლის გათვალისწინებაც ყველას მოუწევს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა.