პრემიერმა პარლამენტში წლიური ანგარიაში წარადგინა


გახარია „ნაციონალურ მოძრაობას“: მე ...დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში  წლიური ანგარიში წარადგინა. გიორგი გახარია მრავალ საკითხს შეეხო, განიხილა არჩევნების, რეფორმების, სოციალური და ჯანდაცვის საკითხები.

“დღეს საქართველოს განვითარების ეტაპიდან გამომდინარე მზად უნდა ვიყოთ, რომ შემდგომი 10, შეიძლება 15 წელიც ქვეყანა მუდმივი რეფორმირების პროცესში უნდა იყოს სხვადასხვა მიმართულებით.  გასაძლიერებელია ინსტიტუტები, მუდმივი რეფორმებია გასატარებელი როგორც ეკონომიკის, ისე ჯანდაცვის, სოციალური დახმარების, ბევრი სხვა მიმართულებით.  რეფორმირების ძირითადი მიზანი უნდა იყოს, რომ მაქსიმალურად სწრაფად დავუახლოვოთ ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრება, სხვადასხვა განზომილებაში, იმ ევროპულ სტანდარტებს, რომელიც არის ჩვენი ძირითადი ფასეულობები და რომლისკენაც მივდივართ, რომ გვქონდეს ყველანაირი შესაძლებლობა, უფრო დაჟინებით, უფრო დასაბუთებულად, ეფექტურად და სწრაფად მოვითხოვოთ სრულფასოვანი წევრობა იმ ევროპულ ოჯახში, რომელიც ჩვენი მოქალაქეების საბოლოო მიზანია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის აზრით, ბიზნესგარემო ყოველთვის იყო და უნდა იყოს  ქვეყნის ძირითადი მიზანი.

„ ქვეყანას გააჩნია სტრუქტურული ეკონომიკური ნაკლოვანებები და პირველ რიგში, ეს არის მიმდინარე ანგარიშის ბალანსი და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი დივერსიფიცირება. ხშირად გვესმის, რომ ტურიზმი არ უნდა იყოს ძირითადი, ინდუსტრიალიზაცია უნდა იყოს ძირითადი, ტრანსპორტი არ უნდა იყოს ძირითადი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის გასათვალისწინებელი, მაგრამ ამავდროულად, უნდა გვესმოდეს, რომ გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელიც გამომდინარეობს გლობალური პანდემიიდან, რეალობა საერთოდ შეცვალა, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, სამეცნიერო ცენტრებთან, მსხვილ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფებთან, რათა პოსტკრიზისული, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ეკონომიკური აღდგენის გეგმა იყოს რეალისტური და ეფექტური.

„ჩვენი ქვეყნისთვის კრიზისი, პანდემია უნდა გადავაქციოთ ეკონომიკურ შესაძლებლობად. დღეს გლობალური ეკონომიკა იცვლება, ამიტომ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ქართული ეკონომიკა გამოწვევის ეკონომიკიდან გავხადოთ შესაძლებლობების ეკონომიკად და აქ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი. ამიტომ, საქართველოს მთავრობა მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, სამეცნიერო ცენტრებთან, მსხვილ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფებთან, იმისთვის, რომ პოსტკრიზისული, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ეკონომიკური აღდგენის გეგმა იყოს რეალისტური და ეფექტური. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პოსტკრიზისული განვითარების ეტაპზე საქართველოს ჰქონდეს დამატებითი ეკონომიკური უპირატესობები გლობალურ კონკურენციაში ჩასართავად,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განცხადებით, წინ არჩევნებია და ყველამ ერთად პარლამენტს მეტი შინაარსი უნდა შესძინონ.

„არატრადიციულად, ბოლო შეკითხვიდან დავიწყებ -ბოლო შეკითხვა იყო, რომ ხომ არ გახსოვთ ოპოზიციის ერთი შინაარსობრივი შეკითხვა მაინცო, სამწუხაროდ, არა და ახლა გვარების მიხედვით გავყვები ყველა კითხვას, როგორც ოპოზიციის, ასევე ყველა დეპუტატის და ამის შეფასებას მივანდობ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს მაყურებელებს ერთადერთი თხოვნით, რომ ქვეყანაში სულ მალე საპარლამენტო არჩევნები იქნება,  დღევანდელმა მოსმენამაც დაადასტურა, რომ ბევრი ადამიანი უკვე, ფაქტობრივად, შესულია საარჩევნო პროცესში და ჩვენ ყველამ ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად პარლამენტს ცოტა უფრო მეტი შინაარსი უნდა შევძინოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები სწორ და ზუსტ დასკვნებს გააკეთებენ“,- განაცხადა გახარიამ.