გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულებს ბრალს წარუდგენენ


პოლიციამ მარტყოფის მონასტერში ...19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 დაკავებულს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ. ამის შემდეგ სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.

ჯერჯერობით უცნობია ბრალდების შუამდგომლობა, თუმცა სავარაუდოდ ეს პატიმრობის მოთხოვნა იქნება. მანამდე ადვოკატები საქმის მასალებს ელოდებიან , სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა 17 დაკავებულიდან, ვის რა როლი აქვს 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალებაში. რეზონანსული საქმის მასალებშია მოწმეთა ჩვენება და ვიდეომტკიცებულება, რაც იმის საფუძველი გახდა, რომ გამოძიებას გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კონკრეტული ადამიანები დაეკავებინა.

” 2020 წლის 18 ივნისს, მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად მყოფი მოზარდების ორ ჯგუფს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში. ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე ერთი ჯგუფი დაბრუნდა თბილისში, ანგარიშსწორების მიზნით დააორგანიზა ჯგუფური ძალადობა და ავტომანქანებით გაემგზავრა მცხეთაში.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ნარეკვავის დასახლების მიმდებარედ, ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ მოზარდებს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები, ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, მდინარე არაგვის მიმართულებით გაიქცნენ.

ორგანიზებული ჯგუფის წევრები, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, დაედევნენ გაქცეულებს, რომლებიც მიიმალნენ მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ანგარიშსწორების მიზნით, მოძალადეებმა განაგრძეს გიორგი შაქარაშვილისა და მისი თანმხლები პირების დევნა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი დევნისგან თავის დაღწევის მიზნით გაიქცა მდინარის კალაპოტის მიმართულებით, ხოლო მისი მეგობარი, 2001 წელს დაბადებული გ.ა. იპოვეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი სამაშველო-სამძებრო ღონისძიებების შედეგად აღმოჩენილ იქნა მდინარე არაგვის კალაპოტში. ვინაიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დასრულებული არ არის და შესაბამისად, უცნობია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე. გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება. ჩვენ კვლავ აქტიურად ვთანამშრომლობთ გარდაცვლილის ოჯახთან და გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ვაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ახალგაზრდა დააკავეს. მათ შორის არიან მცხეთის აგარაკზე მომხდარი კონფლიქტის უშუალო მონაწილეები და ის მორაგბეები, რომლებიც ავტომობილით მოგვიანებით ჩავიდნენ.

19 წლის ფეხბურთელი, რომლის დაზიანებული ცხედარიც მაშველებმა 4 დღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს, გუშინ დაკრძალეს. ოჯახი ექსპერტიზის პასუხის მოლოდინშია.