საქართველო-უნგრეთის შორის საზღვრების გახსნისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

გიორგი გახარია უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდასაქართველოში ვიზიტით  უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი  პიტერ სიიარტო იმყოფება. სტუმარს უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი.  მხარეების შეფასებით, პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოში განხორციელებული პირველი მაღალი დონის ვიზიტი მნიშვნელოვანი სიგნალია იმისა, თუ რაოდენ მჭიდროა საქართველოსა და უნგრეთის პარტნიორული ურთიერთობები.

შეხვედრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, სამომავლო პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე.

პიტერ სიიარტომ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს და აღნიშნა, რომ ქვეყანა არის ლიდერი, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის, ისე ნატო-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით. მისივე თქმით, საქართველო თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორი ალიანსი შეიძლება ჰქონდეს ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებთან.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს-გარემოსა და უნგრული კომპანიების სურვილზე – საქართველოში ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებით. მათ, შორის, ხაზი გაესვა ქვეყანაში უნგრული კომპანია – „ვიზეარის“ წარმატებულ ოპერირებას. საუბარი შეეხო, შესაძლებლობისთანავე, ქვეყნებს შორის ტურიზმის გააქტიურების მნიშვნელობას და ითქვა, რომ საერთაშორისო მგზავრობის პირობების შემსუბუქება განხორციელდება ეტაპობრივად, თანმიმდევრულად და ფრთხილად, რათა საფრთხე არ შეექმნას მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, არ დაზიანდეს ის შედეგები, რაც მიღწეულია. პიტერ სიიარტომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა უნგრეთის ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

„პანდემიის პირობებში ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა, რომელსაც შესაძლებლობა მიენიჭა, აქ ჩამოსულიყო. პირველ რიგში მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს, ამ სფეროში ქვეყანამ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია.ევროპული სტანდარტით, უველაზე ნაკლები ინფიცირებული ადამიანია საქართველოში. მინდა, გამოვხატო ჩვენი პატივისცემა.

უნგრეთსაც დიდი წარმატებები აქვს ამ სფეროში და ჩვენ ვფიქრობთ, მომავალში ჩვენი მიღწევების შენარჩუნებისთვის ფრთხილი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ვისაუბრეთ საზღვრის გახსნის თემაზე. ჩვენ გვესმის, რომ საქართველომ საერთაშორისო მიმოსვლის შეზღუდვის ვადები გაახანგრძლივა გამომდინარე იქიდან, რომ
ორივე ქვეყანას კარგი წარმატება აქვს ამ სფეროში და ორივე ძალიან ფრთხილ ნაბიჯებს დგამს.

უნგრეთის ძალიან ბევრ მოქალაქეს სურს საქართველოში ჩამოსვლა. გასულ წლებშიც უამრავი ადამიანი ეწვია ქვეყანას. იმისთვის, რომ მივცეთ საშუალება ორივე ქვეყნის მოქალაქეებს, შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სისტემატურ ინფორმაციას მიაწვდის ორივე ქვეყანას. ჩვენი ქვეყნები სისტემატურად გაცვლიან ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა მდგომარეობაა საქართველოსა, თუ უნგრეთში“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

image_pdfimage_print

Comments

comments