ნარკომაღაზიის 2 მფლობელი დააკავეს, ამოღებულია 500 მილიონამდე ლარის ნარკოტიკი

შსს-მ თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა - ამოღებულია ნახევარ მილიონამდე ლარის ღირებულების ნარკოტიკებისაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ი.ხ. და 1996 წელს დაბადებული გ.დ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ინტერნეტ-ნარკომაღაზიებს ფლობდნენ როგორც ერთ-ერთ ინტერნეტ ნარკოპლატფორმაზე, ასევე, სოციალურ აპლიკაცია „ტელეგრამში“. აღნიშნული ონლაინ მაღაზიები სხვადასხვა სახის ე.წ. კლუბური ნარკოტიკის რეალიზაციას ახორციელებდა. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განსათავსებლად გამზადებული 180 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ ამოიღეს.

პოლიციამ, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 4200 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ და დიდი ოდენობით სხვა ნარკოტიკული საშუალებები: „მდმა“, „ჰაშიში“, „კოკაინი“ და „მარიხუანა“ ამოიღო. ამოღებული ნარკოტიკების საბაზრო ღირებულება შავ ბაზარზე ნახევარ მილიონამდე ლარს შეადგენს. ასევე, სამართალდამცველების მიერ ამოღებულია დიდი ოდენობით ნაღდი ფული: 7200 აშშ დოლარი, 3520 ევრო, 376 200 რუსული რუბლი, 585 თურქული ლირა და 200 ლარი“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

შსს-ს ცნობით, დაკავებულებს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ ბრალი.

უწყებაში განმარტავენ, რომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

image_pdfimage_print

Comments

comments