“ჩვენ უნდა გავამთლიანოთ საქართველო და ამისთვის ყველა საერთაშორისო ბერკეტი გამოვიყენოთ”

ქართული ოცნება - დემოკრატიული ...პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა და ქვეყანაში საჭირბოროტო საკითხებზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, კრიზისის პირობებში მთავრობამ მყარად დაიჭირა ხელში სადავეები და მრავალი პრობლემა აიცდინა თავიდან. ბიძინა ივანიშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყნის მთლიანობის აუცილებლობას და მადლობა გადაუხადა საქართველოს დასავლელ მეგობრებს, ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს.

„არავისთვის უცხო არ არის, რომ ჩვენ საკმაოდ რთულ დროში, რთულ რეგიონში და პოლიტიკურად რთულ სამეზობლოში ვცხოვრობთ. ამიტომ, ვალდებული ვართ, მაქსიმალურად შევამციროთ რისკი, თავიდან ავიცილოთ ყველა შესაძლო პროვოკაცია, რომლებმაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს ქვეყნის სტაბილურობას და მშვიდობიან განვითარებას.

ჩვენ უნდა გავამთლიანოთ საქართველო და ყველა საერთაშორისო ბერკეტი გამოვიყენოთ ამისთვის. ჩვენ მშვიდობიანად, ნდობის გაჩენის, შერიგებისა და პატივისცემის აღდგენის გზით უნდა შემოვაბრუნოთ ჩვენკენ აფხაზი და ოსი ძმები“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, კრიზისის დროს ხალხმა უკეთ დაინახა, რომ ჰყავს მზრუნველი და ეფექტიანი ხელისუფლება.

„ექსტრემალურ ვითარებაში, როდესაც რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, როდესაც ყველაფერი სხვა გაუფერულდა ამ განსაცდელის წინაშე, ხალხმა ხელშესახებად იგრძნო მზრუნველი ხელისუფლების ხელი და მის გარშემო გაერთიანდა. ის, რაც სრულიად ბუნებრივი იყო ჩვენი ხელისუფლებისთვის, მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის ამ წლების განმავლობაში, უბრალოდ, კრიზისის დროს უფრო კარგად გამოჩნდა – ჩვენმა ხალხმა უკეთ დაინახა, რომ ჰყავს მზრუნველი და ეფექტიანი ხელისუფლება, რომლისთვისაც ადამიანი და მისი სიცოცხლე ყველაზე ღირებულია“, – განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ასეთი იყო „ქართული ოცნება“ და ყოველთვის ასეთად დარჩება.

image_pdfimage_print

Comments

comments