სტიქიამ რაჭაში გზები და ინფრასტრუქტურა დააზიანა

მამისონის ერთ-ერთ დაზიანებულ მონაკვეთზე მოწყობილია შემოვლითი გზა, მიმდინარეობს დამატებითი ტექნიკის მობილიზებასაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი  მოადგილის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის  ირაკლი ქარსელაძის განცხადებით,  ამ დროისთვის ონის რაიონში რვა მონაკვეთია იდენტიფიცირებული, სადაც მთლიანად ჩაწყვეტილია გზა.

„12 ერთეული ტექნიკა – ექსკავატორები, ბულდოზერები, თვითმსვლელები უკვე მობილიზებულია. ასევე, აქ არიან მაღალი კვალიფიკაციის, გამოცდილი ოპერატორები და შეზღუდული რელიეფიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვცდილობთ, მოკლე პერიოდში მოხდეს მონაკვეთების აღდგენა. ჯერჯერობით რთულია ზარალის ოდენობაზე საუბარი.

პირველ რიგში, ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ სტიქიის ლიკვიდაცია, რასაც შემდგომში მოჰყვება აუცილებელი სამუშაოები. არსებული სურათიდან გამომდინარე, შესაძლოა, დამატებითი ტექნიკის მობილიზება დაგვჭირდეს. საუბარია კიდევ ხუთ ერთეულ მძიმე ტექნიკაზე, რაც რეგიონში გაგვაჩნია. სტიქია ძალიან ძლიერია და ცუდია, რომ ეს არ ხდება ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე. დაზიანებულია გზის სხვადასხვა მონაკვეთი და შესაბამისად, აღდგენასაც განსხვავებული დრო დასჭირდება“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, ილია ბეგიაშვილის ინფორმაციით, რომელიც ასევე სტიქიის ზონაში იმყოფება, ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას წყალი ავარიულ რეჟიმში მიეწოდება და თუ სტიქია არ განმეორდა, წყალმომარაგების დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა ოპერატიულად დაიწყება.

შგახსენებთ, რაჭაში წვიმისა და მდინარეების ადიდების შედეგად დაზიანდა გზები და საცხოვრებელი სახლები, 12 სოფელია გარესამყაროს მოწყვეტილი.  დაზიანებულია 10 ხიდი, ცენტრალური მაგისტრალი კი სამ ადგილზეა ჩაწყვეტილი. ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე სოფელს.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, სტიქიის ზონაში იმყოფებიან რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად.

image_pdfimage_print

Comments

comments