აგვისტოს ომში დაღუპული ჟურნალისტის ალექსანდრე კლიმჩუკის ხსოვნას


გიგა ჩიხლაძე და ალექსანდრე კლიმჩუკი
გიგა ჩიხლაძე და ალექსანდრე კლიმჩუკი

„…ნეტავ სად მიდიან სიყრმის მეგობრები“ – რატომღაც მეგონა ეს სიმღერა ჭაღარა ხანდაზმულებს მიესადაგებოდა. თუმცა აგვისტოს ომმა ეს მოსაზრება „შემისწორა“. ამ ომმა თითოეულ ოჯახში განულეველი  სევდის ანაბეჭდი დატოვა. ჩვენი მედიის წრეშიც ტრიალებს ასეთი სევდა…

დღეს 12 წელი შესრულდა მას შემდეგ,  რაც ნიჭიერი ჟურნალისტი და ფოტოკორესპოდენტი ალექსანდრე კლიმჩუკი ტრაგიკულად დაიღუპა აგვისტოს ომის პირველივე დღეს. მასთან ერთად  დაიღუპა მისი განუყრელი მეგობარი და კოლეგა გრიგოლ  ჩიხლაძე. ბიჭები საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებებისთვის მუშაობდნენ – საშა იტარ–ტასის ფოტორეპორტიორი იყო, ხოლო გიგა  RussianNewsweek–ს წარმოადგენდა.

2008 წლის  8 აგვისტოს 4 ჟურნალისტი  საომარი მოქმედების გასაშუქებლად თბილისიდან ცხინვალში გაემართნენ. სამწუხაროდ,  მათ ოსი სეპარატისტების შეიარაღებულმა ჯგუფმა ცეცხლი გაუხსნა, საშა და გიგა ადგილზე დაიღუპნენ, ხოლო ერთი საქართველოს და ერთი აშშ–ს ჟურნალისტი დაიჭრა. გიგა ჩიხლაძე  30 წლის იყო, ხოლო საშა ოდნავ უმცროსი – სულ რაღაც 27 წლის.

იმ მომენტისთვის ალექსანდრე კლიმჩუკი უკვე თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ გამოცემებთან, როგორიცააPhotoexpress–ი,  EPA; მისი ფოტოსურათები იბეჭდებოდა   Newsweek–ში,  The New York Times –ში და Le Monde–ში. ასევე დაარსებული ჰქონდა საკუთარი ფოტოსააგენტო Caucasus Images.

ხალისიანი,  მიზანდასახული, ოპტიმისტი საშა სკოლიდანვე ჩაერთო ჟურნალისტურ საქმიანობაში, შრომას არ ერიდებოდა, უყვარდა ფოტოხელოვნება. ნებისმიერ ცხელ წერტილში მიდიოდა, აშუქებდა მოვლენებს, ოცნებობდა NationalGeographic–თან, Magnum–თან თანამშრომლობაზე…არ დასცალდა…

კადრის  და რაკურსის შერჩევის არაჩვეულებრივი ნიჭი ჰქონდა. მაშინ, სტუდენტობისას,  მის ფოტონამუშევრებს სერიოზულად არ ვეკიდებოდით,  ყველას ხომ საკუთარი წარმოდგენა გვქონდა მომავალზე,  სამსახურზე, ცხოვრებაზე.  ალექსანდრე კი ჩვენგან, ვარდისფერ  ღრუბლებში მოლივლივე გოგონებისგან განსხვავებით, მეტად  გამოცდილი იყო,  ყოფით სირთულეებსაც უმკლავდებოდა, პრესაში მუშაობასაც ასწრებდა და ჩათვლების ჩაბარებასაც ახერხებდა. იდეებსა  და გეგმებში იყო გახვეული,  სიახლე  იზიდავდა. საშა მშვენივრად ხატავდა, სალიტერატურო ასპარეზზეც  უცდია ბედი. საშას დედას, ქ–ნ იულიას  დღემდე სათუთად აქვს შენახული მისი მოთხრობები და ჩანაწერები.

12 წელი გავიდა, მას შემდეგ, რაც ალექსანდრე კლიმჩუკი ჩვენთან აღარ არის. მაგრამ, ყოველ ჯერზე, როდესაც რუსთაველის  გამზირზე მიწევს გავლა, სულ  მაქვს მოლოდინი, რომ სადმე ვიწრო ქუჩაზე საქმეზე მიმავალი საშა შემხვდება, მომიკითხავს, თავის ამბებს მომიყვება,  პოზიტივით  ამავსებს… თანატოლებზე წარსულ დროში  საუბარი, ოჰ, რა ძნელი ყოფილა…

 

ასმათი ჯაღმაიძე

www.premiumi.ge