„მოვუწოდებ მოქალაქეებს დაიცვან რეკომენდაციები, ყველა ერთად გავუფრთხილდეთ ქვეყნის უსაფრთხოებას”

დიმიტრი ხუნდაძედღეს ჩატარებულ პლენარულ სხდომაზე  პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ კოვიდ–19  პანდემიის რეჟიმის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით საქართველოში არსებული ვითარება  საყურადღებოა, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს. 

მისი თქმით, ხელისუფლება, ეპიდემიოლოგები და კლინიკური ჯგუფი სრულად აკონტროლებს სიტუაციას და მართვას პანდემიის გავრცელების რისკებს.  ასევე საკოორდინაციო საბჭო პრემიერის ხელმძღვანელობით თავიდანვე მოქმედებს გადაუდებლად, ეფექტიანად და პრევენციულად.

„ამავე დროს, ჩვენ მოვიგეთ დრო. ბოლო 5-6 თვე გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ყველა სისტემა მაქსიმალურად მომზადებულიყო შემდგომი შესაძლო სირთულეებისათვის. 21 მარტს, როდესაც ქვეყანაში გამოვაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა, ჯანდაცვის სისტემა დღეში მხოლოდ 150-მდე PCR ტესტის გაკეთებას ახერხებდა, მაგრამ დღეს ეს მდგომარეობა შეიცვალა და დღეში შეგვიძლია 8000 და უფრო მეტი ტესტის გაკეთება. სულ მალე კი, საჭიროების შემთხვევაში შევძლებთ 10 ათასამდე გავზარდოთ ტესტირების რაოდენობა“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანი გამოცდილება დაგროვდა კლინიკური შემთხვევების მართვის კუთხითაც.

„თუ ეპიდემიის დასაწყისში მხოლოდ ხუთი ჰოსპიტალი იყო ჩართული პროგრამაში, დღეისათვის კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში ჩართულია 20-ზე მეტი კლინიკა და 2400-მდე გაიზარდა საწოლფონდი. საჭიროების შემთხვევაში, მომზადებულია საქართველოში არსებული კლინიკების 80%, ასევე მზადყოფნაშია 4 სასტუმრო თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ანაკლიაში, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკური ჯგუფის მიერ მომზადებული ახალი პროტოკოლის მიხედვით საწყისი ჰოსპიტალური მკურნალობის შემდეგ, სამედიცინო მეთვალყურეობას გაუწევენ პაციენტებს კოვიდის მსუბუქი ფორმების შემთხვევაში“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ეპიდემიოლოგებმა, ექიმებმა და ექთნებმა, როგორც ჰოსპიტალებში, ასევე პირველადი ქსელში გაიარეს გადამზადება კოვიდის დიაგნოსტიკის, ინფექციის კონტროლისა და მართვის სფეროში.

„გადამზადებულია 2500-მდე სოფლისა და ოჯახის ექიმი. 43 კლინიკაში მოხდა კრიტიკული მედიცინის სპეციალისტების გადამზადება, რამაც შესაძლო გახადა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა და ყველაზე რთული შემთხვევების წარმატებული მართვა. სწორედ ამიტომ, დღეს საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით, ერთ-ერთი დაბალი სიკვდილობის მაჩვენებელია. ასევე, მზადყოფნაშია სასტუმროები, რომლებიც რამდენიმე დღეში მიიღებენ უსიმპტომო და ე.წ. მსუბუქ პაციენტებსაც, რომლებიც ექიმების აქტიური მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან“, – აღნიშნა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, სისტემა მზად არის დაძლიოს კრიზისი და ხელისუფლების მთავარ ამოცანად ისევ რჩება მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლის დაცვა, მაგრამ მოქალაქეების და საზოგადოების როლი ამაში არის შეუცვლელი.

„მოვუწოდებ მოქალაქეებს დაიცვან წესები, რეკომენდაციები, რომლებსაც იძლევა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და საკოორდინაციო საბჭო. აუცილებელია ვატაროთ პირბადე დახურულ სივრცეში და ასევე, ღია სივრცეში, სადაც არის მაღალი სიმჭიდროვე. მინდა ვთხოვო მოქალაქეებს თავი შეიკავონ ხელის ჩამორთმევით მისალმებისგან, და მითუმეტეს გადაკოცნისგან. შესაძლო ინფიცირების შემთხვევაში, ასეთ დროს ჩვენ შესაძლოა სხვისგან მივიღოთ ვირუსი ან სხვას გადავცეთ ის და მოვახდინოთ დაინფიცირება. ამიტომ, გაუფრთხილდეთ ყველას და ყველა ერთად გავუფრთხილდეთ ქვეყნის უსაფრთხოებას.

ჩვენ გვაქვს პოლიტიკური პროცესი. ახლოსაა არჩევნები და ვფიქრობ, რომ პირდაპირი ვალდებულებაა ქვეყნისაც, ხელისუფლებისაც, ოპოზიციასაც და საზოგადოებისაც, რომ მოვახერხოთ არჩევნები ჩავატაროთ, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო გარემოში. ჩვენი ვალდებულებაა, არჩევნები ჩავატაროთ ისე, რომ ქვეყანას შემდეგაც არ შევუქმნათ პრობლემები“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

image_pdfimage_print

Comments

comments