“საქართველო ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება, სანამ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა”

burjanadze„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი  ნინო ბურჯანაძე  ევროპარლამენტის ანგარიშს  ეხმაურება და აღნიშნავს, რომ  საქართველო ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება მანამ, სანამ  ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა არსებობს. 

მისი შეფასებით, დოკუმენტში აღნიშნული ერთი პოზიტივი, რითაც ხელისუფლება თავს იწონებს, საარჩევნო რეფორმას ეხება, თუმცა ბურჯანაძის განცხადებით, ამ მიმართულებით კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელება ოპოზიციისა და დიპლომატების დამსახურებაა.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მუდმივად არის დასავლელი მეგობრების დღის წესრიგში. ევროპარლამენტის რეზოლუცია მნიშვნელოვანი გახლავთ. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ევროკავშირში შესვლაც, ევროპარლამენტთან და ევროსტრუქტურებთან ურთიერთობაც, მაგრამ უნდა გვესმოდეს ერთი რამ – ვიდრე ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა, საქართველო ევროკავშირში ნამდვილად ვერ გაწევრიანდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა ხაზგასმით თქვა, ეს არჩევნები იქნება საქართველოს დემოკრატიულობის ტესტი, ამიტომ ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ არჩევნებით ნებისმიერი მანიპულირება, ვითომდა ხელისუფლებას 56, 60, 65-პროცენტიანი მხარდაჭერა ექნება, ძალიან დამაზიანებელი იქნება ხელისუფლებისა და ქვეყნისთვის.

ასევე, ყურადსაღებია ის, რომ კვლავ ხაზგასმულია პრობლემები სასამართლოსთან დაკავშირებით. ამ და სხვა რეფორმებს ყურადღების მიქცევა უნდა. ამ დოკუმენტში ერთი პოზიტივი, რითაც ხელისუფლება თავს იწონებს, არის ის, რომ შედგა პოლიტიკური დიალოგი, კონსტიტუციური ცვლილებები განხორციელდა, მაგრამ უკაცრავად, ეს ვისი დამსახურებაა?! ეს ხელისუფლების დამსახურება ნამდვილად არ არის, ეს არის ოპოზიციის, დიპლომატების და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების დამსახურება“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

image_pdfimage_print

Comments

comments