ეროვნული ბანკი: ინტერნეტ სივრცეში ფინანსური და პირადი მონაცემების მითითებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ

ეროვნული ბანკი erovnuli_banki_34939საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტ სივრცეში ფინანსური და პირადი მონაცემების მითითებისას.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გაცნობებთ, რომ მიმდინარე ეტაპზე, ისევ გრძელდება შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს სხვადასხვა ვებგვერდზე შესვლისას გარკვეული ფულადი თუ სხვა პრიზების მოგების დაპირებით გათამაშებაში მონაწილეობის მიღების შეთავაზების შეტყობინება ხვდებათ. ამასთან, რამდენიმე შემთხვევაში, გათამაშების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის სახელითაც გავრცელდა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ არ ხდება მსგავსი სახის ონლაინ გათამაშების ორგანიზება. გასათვალისწინებელია, რომ გათამაშებაში მონაწილეობის მიღების ან შემდგომ პრიზების მიღებისთვის ითხოვენ პირადი მონაცემების, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მისამართის, ტელეფონის ნომრისა და სხვა პერსონალური ინფორმაციის მიწოდებას. დამატებით, რიგ შემთხვევაში, შეტყობინებებში მითითებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საპრიზო თანხის მონაწილისთვის გადარიცხვის შესახებ, რაც ცალსახად არასწორი ინფორმაციაა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ზემოაღნიშნული მონაცემების გამჟღავნების შემთხვევაში, არსებობს ამ ინფორმაციის მოპოვებით დაინტერესებული პირების მიერ სხვადასხვა თაღლითური ოპერაციის განხორციელების რისკი.

ნებისმიერ გათამაშებაში თუ სხვადასხვა ორგანიზაციის ვებგვერდის/ინტერნეტბანკის გამოყენებისას და ინტერნეტ-გადახდების განხორციელებისას მოგიწოდებთ დაიცვათ შემდეგი წესები:

1. არ გადასცეთ სხვა პირებს პირადი მონაცემები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ფინანსური ოპერაციების უნებართვო განხორციელება. ასეთ მონაცემბს მიეკუთვნება: საგადახდო ბარათის მონაცემები, ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი, ერთჯერადი SMS კოდი, სატელეფონო აპლიკაციით გენერირებული ერთჯერადი კოდი და სხვა. განსაკუთრებული ყურადღებით გადაამოწმეთ ის ვებგვერდი, რომელიც პირადი მონაცემების შეყვანას გთხოვთ.

2. გადაამოწმეთ ვებმისამართი. ფინანსური მომსახურების გამოყენებამდე შეამოწმეთ ის ვებმისამართი, სადაც მონაცემების შეყვანას აპირებთ. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ უსაფრთხო ვებგვერდზე იმყოფებით, აუცილებლად შეამოწმეთ, რომ ვებმისამართი იწყებოდეს ‘https://’ ან ‘shttp://’-ით. ასევე, დარწმუნდით, რომ ვებმისამართის მარცხენა კუთხეში განთავსებულია ჩაკეტილი ბოქლომის სიმბოლო (იხ. ქვემოთ). დამატებით, შეგიძლიათ დააჭიროთ ბოქლომის ღილაკს, რომ შეამოწმოთ ვებგვერდის სანდოობა და უსაფრთხოების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

COVID-19/ Citizens turn to e-banking | Albanian Telegraphic Agency

3. შეაფასეთ ვებგვერდის შიგთავსი. ყალბი ვებგვერდის შექმნისას დიდი ყურადღება და რესურსი ეთმობა იმას, რომ ის ნამდვილი, ოფიციალური ვებგვერდის მსგავსი იყოს. ვებგვერდის ტექსტი, გრაფიკა, ორგანიზაციის ლოგოები და სხვა მონაცემები ხშირად ემთხვევა ლეგიტიმური ვებგვერდის შიგთავსს. მიუხედავად ამისა, არსებობს გარკვეული განმასხვავებელი ნიშნები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ყალბი ვებგვერდის გამოვლენა და, ზოგადად, ყალბი ვებგვერდის ნამდვილი ვებგვერდისგან გარჩევა. მაგალითად, ზოგ შემთხვევაში, ყალბი გვერდის ვებმისამართი მცირედ განსხვავდება ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდის მისამართისგან. ამასთან, ყალბ ვებგვერდზე გამოყენებული შრიფტი შეიძლება მცირედით განსხვავდებოდეს ნამდვილი ვებგვერდის შრიფტისგან, ან ყალბ ვებგვერდზე დაშვებული იყოს მართლწერის შეცდომები.

4. უკიდურესი სიფრთხილით მოეკიდეთ სოციალურ ქსელებში არსებულ ფინანსურ შეთავაზებებს. ყურადღებით გადაამოწმეთ სოციალური ქსელებიდან მიღებული ფინანსური შეთავაზებები. სიფრთხილე გამოიჩინეთ აღნიშნულ შეთავაზებაზე თანხმობის განხილვისას და დარწმუნდით, რომ მიღებული შეთავაზება არის ლეგიტიმური და არ შეიცავს თაღლითობის ნიშნებს.

5. გადაამოწმეთ ვებგვერდის მფლობელი. WHOIS მომსახურების ვებგვერდზე -https://who.is/, მომხმარებელს კონკრეტული ვებმისამართის ნამდვილობის გადამოწმება შეუძლია. ვებგვერდის გადამოწმებისას, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ვებგვერდის შექმნის თარიღს. თუ იცით, რომ ოფიციალური ვებგვერდი, რომელზეც თქვენ უნდა შესულიყავით, დიდი ხნის მანძილზე არსებობს, მაგრამ თქვენ მიერ გადამოწმებული გვერდი ახალი შექმნილია, მოცემული გვერდი დიდი ალბათობით არ ეკუთვნის იმ ორგანიზაციას, რომლის ვებგვერდზეც თქვენ გსურდათ შესვლა.

6. გადახდის სანდო წყარო. ნამდვილი ან ოფიციალური ვებგვერდი მომხმარებელს ყოველთვის მოსთხოვს გადახდის განხორციელებას საგადახდო ბარათის ან ოფიციალური პორტალის (მაგ. PayPal) მეშვეობით. თუ ვებგვერდი, რომელზეც მომხმარებელი იმყოფება, იძლევა გადახდის მხოლოდ ერთ მეთოდს, ეს, დიდი ალბათობით, ყალბი ვებგვერდია.

საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე, განსაკუთრებით, როდესაც ეს საეჭვო ან გაურკვეველი რეპუტაციის ვებგვერდებზე პირადი და ფინანსური მონაცემების განთავსებას ეხება. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე – 2 406 406.

საქართველოს ეროვნული ბანკის გაფრთხილებების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე – https://www.nbg.gov.ge/index.php?m=675

ფინანსურ თაღლითობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ფინანსური განათლების ვებგვერდზე – https://finedu.gov.ge/ge/finansuri-usafrtkhoeba-1

image_pdfimage_print

Comments

comments