"იმედია, რუსეთი დაუბრუნდება ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს"


 irakli sesiashviliსაქართველოს პარლამენტის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი  ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლას გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ  რუსეთი დაბრუნდება ჟენევის მოლაპარაკებებში და ადეკვატურად მოახდენს პასუხისმგებლობებზე რეაგირებას.

სესიაშვილი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლას სამწუხარო ფაქტს უწოდებს.

„ჟენევის საერთაშორისო ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი სამშვიდობო პროცესისთვის და მართლაც სამწუხაროა, რომ კრემლის სახე არის მისი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ზოგადად მშვიდობის პროცესის მიმართ. იმედი მაქვს, რომ ამ ფორმატში რუსეთი დაბრუნდება და ადეკვატურად მოახდენს პასუხისმგებლობებზე რეაგირებას“, – განაცხადა სესიაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 6 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, სადაც ოფიციალური თბილისი რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, დაუბრუნდეს ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებების მაგიდას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები.

როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, მსგავსი ნაბიჯები ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს და ზიანს აყენებს საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის კუთხით.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის შეფასებით, ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლა სრულიად მიუღებელია, განსაკუთრებით, გლობალური პანდემიის პირობებში.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა.