დღეს ფოსტის საერთშორისო დღეა

 Dge ukanaskneli, dge pirveli (1960) – MUBI9 ოქტომბერს მსოფლიო ფოსტის დღეს აღნიშნავს. უთუოთ, XXI საუკუნეში  “ფოსტის” მცნებას სხვა ელფერი მიეცა, ტრანსფორმაცია განიცადა, გაუფართოვდა  გეოგრაფიული ქსელი.  ვირტუალური ტყუპისცალიც გამოუჩნდა მრავალი  “მეილის” და სხვა მესენჯერების სახით.  აღარ იწერენ ჟურნალ–გაზეთებს, არ აწკარუნებს კარზე ფოსტალიონი, კურიერი თუ მოიტანს უცხოეთიდან მოსულ ამანათს.  თუმცა, დამეთანხმებით, არაფერი შეედრება იმ გრძნობას, როდესაც ხელში მონატრებული ადამიანისგან გამოგზავნილი, მარკიან კონვერტში დაბეჭდილი წერილი გიკავიათ  და მის გახსნას აპირებთ…

საქართველოში ინფორმაციის გაცვლის მექანიზმი უძველესი დროიდან არსებობდა.  ცნობების სწრაფად გადაცემა ხორციელდებოდა “შიკრიკების”  მეშვეობით, რომლებიც არაერთხელ არიან მოხსენიებულნი “ქართლის ცხოვრებაში.”

XIX საუკუნის დამლევს, ქართული ეკონომიკური აზროვნების მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იოანე ბატონიშვილი, რომელმაც სახელმწიფო წესწყობილების რეფორმის კანონპროექტი  შეადგინა, მიიჩნევდა, რომ ფოსტის სადგურების მოწყობა ფრიად სასარგებლო იქნებოდა ხალხისათვის და შემოსავალს მისცემდა ხაზინას. აღებ-მიცემობის გაფართოება ფოსტის გარეშე შეუძლებელი იყო, ამიტომ იგი მოითხოვდა ფოსტის დაწესებას და საფოსტო დაწესებულების შექმნას.

 “ფოსტები ანუ ჩაფარხანა რაოდენ შეიძლებოდეს განწესდეს სამ ადგილას: ქართლსა, კახეთსა და თათრებში”. – წერდა  იოანე ბატონიშვილი.

ფასანაურის ფოსტის შენობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა - 1TV
1840 წელს აგებული ფასანაურის ფოსტის შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოში პირველი ფოსტის გადაზიდვასთან დაკავშირებულია ქართული ურმის სახელი. პოპოვის სახელობის კავშირგაბმულობის ცენტრალურ მუზეუმში (სანკტ-პეტერბურგში)ფოსტის გადაზიდვის უძველეს საშუალებებთან ერთად გამოფენილია ქართული ურემიც. ურემში შებმული ხარები მძიმედ ეწევიან ფოსტის დიდ ყუთს. ურემს წინ ორი ქართველი მიუძღვის. ქართული ურმით ფოსტის გადაზიდვას ბევრ ქვეყანაში მიუქცევია ყურადღება. 1900 წელს, გერმანულიდან რუსულ ენაზე თარგმნილ წიგნში – “ტექნიკა და მრეწველობა” (მეათე ტომი), რომელშიც აღწერილია ბერლინის საფოსტო მუზეუმის ზოგიერთი უნიკალური ექსპონატი, ნათქვამია:

ამ მუზეუმში რუსეთის ექსპონატებიდან განსაკუთრებით საინტერესოა “ორთვალიანი ქართული ურმით ფოსტის გადაზიდვის სურათები”.

აქედან ცხადია, რომ ქართულმა ურემმა თავისი ადგილი დაიკავა მსოფლიოში ფოსტის გადაზიდვის პირველ საშუალებათა შორის. პოპოვის სახელობის მუზეუმის ერთ-ერთი კატალოგი გვამცნობს, რომ ჩიკაგოში, 1893 წელს მოწყობილ მსოფლიოს საფოსტო გამოფენაზე, რუსეთის საფოსტო განყოფილებაში ნაჩვენები იყო ქართული საფოსტო ურმის მოდელი და კავკასიონზე ფოსტის გადატანის ნახატი.

”მომეტებულ ნაწილს საქართველოს ადგილებში, გარდა იმ ქალაქ-დაბებისა, რომლებიც რკინიგზაზე მდებარეობენ, კვირაში მხოლოდ ორჯერ და სამჯერ მოდის ფოსტა. .. მგონია დრო არის ფოჩტის გამგეობამ და ჩვენმა უმაღლესმა მთავრობამ ამ გარემოებას ჯეროვანი ყურადღება უნდა მიაქციოს, რაც ამ ოცი წლის წინ იყო, ის აღარ არის დღეს ჩვენი ცხოვრება : მუდამდღე მატულობს ჩვენს ქვეყანაში ვაჭრობა და წარმოება, მუდამდღე მრავლდებიან შკოლები, მრავლდება წერა-კითხვის მცოდნე ხალხი, რომელთაც სურთ ფოსტის ამბები შეიტყონ, ერთი-ორად უფრო ხშირია ახალი სხვადასხვა მაზრების ხალხების ერთმანეთში მისვლა-მოსვლა და კავშირი. ამას გარდა, თვით მმართველობისთვისაც აუცილებლად საჭიროა გამართული ფოჩტის გზა და კორესპოდენდენცია”.– წერდა “დროება” 1879 წელს.

1894 წლიდან ფოსტის საშუალებით შესაძლებელი იყო ფულის გაგზავნა (არა უმეტეს 1000 მანეთისა). ფულის გაგზავნა ხორციელდებოდა შემდეგნაირად: გამგზავნი ფულს მიიტანდა ფოსტაში, ფოსტა მიღების ქვითარს აძლევდა გამგზავნელს და ხოლო ადრესატს – უგზავნიდა ტალონს, რომლითაც ის ფოსტიდან ფულს მიიღებდა.

1913 წლის მდგომარეობით კი საქართველოში 108 საფოსტო განყოფილება ფუნქციონირებდა.

image_pdfimage_print

Comments

comments