დღეს სვეტიცხოვლობაა

სვეტიცხოველი, მცხეთა14 ოქტომბერს, მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით  საქართველოს  ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდა.

მცხეთობა, სვეტიცხოვლობა, კვართის დღესასწაული არის ქრისტიანული დღესასწაული საქართველოში, რომელიც იმართება ქ. მცხეთის საკათედრო ტაძარში, სვეტიცხოველში. სვეტიცხოვლობა დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სადიდებლად “კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა”. ამ დღეს აღინიშნება მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც.

უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.

მე-4 საუკუნეში, წმინდა მეფის მირიანის და დედოფალ ნანას მეფობის ჟამს, კვიპაროსის ადგილზე ტაძრის მშენებლობა გადაწყვიტეს. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ ემორჩილებოდა. წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს ლოცვებით სვეტი ღვთის მიერ გაბრწყინდა და ჰაერში 12 წყრთის სიმაღლეზე გაჩერდა. ნათლის სვეტის თაყვანისსაცემად მთელი მცხეთა შეიკრიბა. ნათლის სვეტი სასწაულებს ახდენდა.

წმიდა ნინოს რჩევით აშენებული პირველი ხის ეკლესიის დანგრევის შემდეგ, V საუკუნის მე-2 ნახევარში, წმინდა მეფემ ვახტანგ გორგასალმა ბაზილიკის ტიპის ტაძარი აღმართა. XI სუკუნეში კი დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი – სვეტიცხოველი ააგო, რომლის ხუროთმოძღვარიც არსუკიძე იყო.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (1991 წ.) შემდეგ მცხეთობის დღესასწაული აღდგა და ოფიციალურ უქმედ გამოცხადდა.

image_pdfimage_print

Comments

comments