გამყრელიძე:”იქნება წერტილოვანი შეზღუდვები, ვაქცინამდე დაცვის ერთადერთი საშუალება პირბადე რჩება”

შევაჩერეთ ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარება, ახლა ვართ მართვის  სტადიაში” – გამყრელიძე კორონავირუსზე – კვირა +დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი სხდომის დასრულების შემდეგ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა რომ  ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე ცხელი წერტილი ქვეყანაში იყო აჭარა, სადაც მუდმივად ფიქსირდებოდა მაღალი მაჩვენებელი, აჭარაში თანდათან არის ნიშნები სტაბილიზაციისკენ.

„დღევანდელი დილით 680 შემთხვევიდან, 189 არის აჭარაში, რომელმაც დაიკავა საერთო ინფიცირების 28 პროცენტი. მოგეხსენებათ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში აჭარაზე მოდიოდა ძირითადად 65-დან 70% პროცენტი ინფიცირებისა, მაგრამ ინფექცია გამოვიდა აჭარის გარეთ. დღეს ყველაზე მეტად საყურადღებოა სამი რეგიონი, მათ შორის დედაქალაქი, მთავარი სადაც დღეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 297 შემთხვევა, რამაც მოიცვა 44 პროცენტი ახალი შემთხვევების. ასევე, მაღალი ინფიცირების მაჩვენებელია იმერეთში, რომელიც ძირითადად ქუთაისზე მოდის. აქ გვაქვს 150 ახალი შემთხვევა, ანუ საერთო ინფიცირების 22 პროცენტი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით,  არ იქნება დიდი, გლობალური შემზღუდველი ღონისძიებები, მაგრამ იქნება სხვადასხვა სახის წერტილოვანი შეზღუდვები, რადგან  საქართველო ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნები, დიდ შეზღუდვებს ვეღარ გამოაცხადებენ.

„ჩვენ იმედი გვქონდა, რომ როგორც რესპირაციული ინფექცია, კორონავირუსი ზაფხულში შემცირდებოდა და შეიძლება გამქრალიყო. ამიტომ, დაავადების დასაწყისში ერთადერთი ბერკეტი მასთან ბრძოლის იყო მძიმე და მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებები, შემდეგ კაცობრიობამ გაიაზრა, რომ ეს არ არის მარტივი ინფექცია. მიუხედავად იმისა, რომ ინფექცია მსუბუქდება, არ გაქრა. ამიტომ, სლოგანი, რასაც ახლა ჩვენ ვიყენებთ არის, რომ ვისწავლოთ კორონავირუსთან თანაცხოვრება, რადგან ქვეყნები ვეღარ იქნებიან ჩაკეტილები. ყველაზე ბევრი შემთხვევაა ამერიკაში, მაგრამ ის ჩაკეტილი არ არის. არის შემთხვევების ზრდა, მაგრამ საბაზისო ეკონომიკური მიმართულებები ფუნქციონირებს, ანუ ვსწავლობთ თანაცხოვრებას. პოლიტიკა არის ასეთი, არ იქნება დიდი, გლობალური შემზღუდველი ღონისძიებები, მაგრამ იქნება სხვადასხვა სახის წერტილოვანი შეზღუდვები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით,  კორონავირუსის დღეს დაფიქისრებული 680 შემთხვევიდან, 362 არის სიმპტომიანი პაციენტი და ახალი ინფიცირებულების ყველაზე დიდი ციფრი, 167 უკავშირდება ინიფიცირებულთან კონტაქტში მყოფ პირებს.

„ჩვენი მოწოდება მუდამ არის, რომ ვისაც უკვე აქვს პირველი სიმპტომები, ტემპერატურის მომატება, სუნთქვის გაძნელება, ხველა, დაუყოვნებლივ უნდა დარეკონ 112-ზე და შესაბამისად, ოჯახის ექიმებმა მართონ მათი შემდგომი ნაბიჯები. ისინი გადაიგზავნებიან ტესტირებაზე, თუ დასტურდება, არის პროტოკოლი, რა კეთდება, თუ არ დასტურდება, არის სხვა პროტოკოლიც.  ჩვენი მოწოდებაა, რომ ყველა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანი, არ უნდა ეძებდეს საშუალებას, ტესტი იმ დღესვე ჩაიტაროს. აუცილებელია, დარჩეს იზოლაციაში 12 დღის განმავლობაში, თუ ეწყება კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომი, მიმართოს 112-ს და გაიაროს დიაგნოსიტირების პროტოკოლი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, არსებული პროგნოზით, მსოფლიოში კორონავირუსს იმაზე მეტი ადამიანი შეეწირება, ვიდრე ოთხ დიდ ინფექციას – ტუბერკულიოზს, შიდსს, მალარიასა და ჰეპატიტს.

„გუშინ ახალი მონაცემები ამოვკრიბე ყველაზე უფრო მაღალრეიტინგული ჟურნალებიდან და დაცვის ყველაზე უკეთესი საშუალება არის პირბადე. მისი ტარება, როცა ინფექციის მატება გვაქვს, აუცილებელია დახურულ და ღია სივრცეებშიც, სადაც ვერ ვიცავთ დისტანციას. მოგიწოდებთ, უკვე ცივ პერიოდში, ღია სივრცეშიც ატარეთ პირბადე, რომელიც 50-დან 75 პროცენტამდე ამცირებს ინფექციის გავრცელების რისკს. ამიტომ, გთხოვთ, ყველამ დავიცვათ მარტივი წესი, თავი შევიკავოთ დიდი შეკრებებისგან.

ცოტა ხანს, ერთ წლამდე არ გვინდა დიდი ქორწილები, ჭირის დიდი სუფრები, დღეობები, მოვა ისევ ამის დრო, მაგრამ ჯერ ეს პერიოდი გასავლელი გვაქვს. გავრცელების ყველა წყარო, რაც გვქონდა ბოლო თვენახევარში, იწყებოდა ამ დიდი შეკრებებიდან. ამიტომ, ის მოარული აზრი, რომ არ არსებობს მსოფლიოში კორონავირუსი, სურდოსავითაა და მალე გაივლის, არ არის სწორი. კორონავირუსი სერიოზული დაავადებაა, მილიონი ადამიანი შეიწირა უკვე და პროგნოზია, რომ მომავალ გაზაფხულამდე, სამწუხაროდ, კიდევ ერთი მილიონი შეეწირება. ის იქნება უფრო მკვლელი, ვიდრე ტუბერკულოზი, შიდსი, მალარია, ჰეპატიტი. კორონა მათ გადაასწრებს. ამიტომ, დაცვის ერთადერთ საშუალებად, ვიდრე დამტკიცდება ვაქცინა, წამალი, რჩება მხოლოდ პირბადე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

image_pdfimage_print

Comments

comments