“ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა მისცეს ხმა უსაფრთხო გარემოში”

გიორგი გახარიასაქართველოს ყველა მოქალაქეს არჩევნებზე ხმის უსაფრთხო გარემოში მიცემის შესაძლებლობა ექნება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ცესკოს და მთავრობას უკვე აქვს მიდგომა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას კოვიდინფიცირებული და თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეები.

„ჩვენ უკვე სტრუქტურირებული გვაქვს მიდგომა როგორ უნდა მისცენ ხმა ჩვენმა ინფიცირებულმა მოქალაქეებმა საავადმყოფოებში, საკარანტინე სივრცეებში, ისევე როგორც იმ მოქალაქეებმა, რომლებიც ინფიცირებულები არიან ან თვითიზიოლაციაში იმყოფებიან სახლში. ეს სისტემა დალაგებულია, ეს სისტემა უკვე შეთანხმებულია ცესკოსთან. ამ სისტემაზე ერთად იმუშავა შტაბმაც და ცესკომაც და ყველა ჩვენს მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა მისცეს ხმა უსაფრთხო გარემოში. უსაფრთხოს როცა ვამბობ, ვგულისხმობ ვირუსს“, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განმარტებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო. მისივე თქმით, ამ ფონზეც კი, ვირუსის გავრცელების მართვა ხდება და ამ მხრივ პანიკის საფუძველი არ არსებობს. ამასთან, გახარიამ საზოგადოებას ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს აბსოლუტურად განსხვავებულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. თავიდან მკაცრი შეზღუდვები და ლოკდაუნი იყო სწორი გადაწყვეტილება, რადგან ამით პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ვიცავდით. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება არის პირბადე, 90 პროცენტზე მეტს ამცირებს დაინფიცირების ალბათობას, რა თქმა უნდა, მსგავს ლოკდაუნს აღარ გამოვაცხადებთ. ამის აუცილებლობა არ არსებობს და ქვეყნის ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს. ამიტომ, ყველას უნდა გვესმოდეს, იმის გათვალისწინებით, რომ ხვალ და ზეგ ვაქცინა არ იქნება, ვირუსთან თანაცხოვრება და ვირუსთან ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია.

შესაბამისად, ჩვენი სტრატეგია იცვლება, რაც არის ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა. შესაბამისად, ჩვენი ყველაზე მართებული გადაწყვეტილება იქნება, წერტილოვანი შეზღუდვები და სწორი ბალანსი. ბალანსში ვგულისხმობთ წერტილოვან შეზღუდვებს და იმ წესების სწორად შესრულებას, რომლებსაც ეპიდემიოლოგები გვიწესებენ. ესენი ელემენტარულ წესებია. უნდა ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია. შესაბამისად, უნდა გვესმოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ვირუსის გავრცელება ტემპში შემცირდეს, ინფიცირების შემთხვევების მატება გვექნება.

ასეთი მატება მოსალოდნელი იყო. ყოველთვის ვამბობდით, ვირუსის მეორე ტალღის დროს ინფიცირების შემთხვევების მატება იქნებოდა. თუმცა, ჩვენ გაზრდილი შემთხვევების მართვის რესურსი გაგვაჩნია. დღეს ჯანდაცვის სისტემა მეტად მომზადებულია. თუმცა რესურსები ამოუწურავი არ არის. პირველ რიგში, ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ, ასევე ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობას. არანაირი პანიკის საფუძველი ვაიპოლიტიკოსების და ვითომ ექსპერტების მხრიდან არ არსებობს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

image_pdfimage_print

Comments

comments