რა აღმოაჩინეს ძველეგვიპტელი ბავშვის მუმიის რენტგენული სკანირების დროს?

ძველეგვიპტელი ბავშვის მუმიის რენტგენული სკანირება მოულოდნელი აღმოჩენებით დასრულდა — #1tvმეცნიერებაძველეგვიპტური მუმია, რომელიც ქალის პორტრეტით იყო შემკული, ერთ სიურპრიზსაც შეიცავდა — ირკვევა, რომ ის ეკუთვნის ბავშვს, რომელიც ხუთი წლის ასაკში დაიღუპა.

ამჯერად, მეცნიერებმა კიდევ უფრო მეტი რამ შეიტყვეს ამ იდუმალი გოგონასა და მისი სამარხის შესახებ. ამისათვის მათ მაღალი რეზოლუციის რენტგენული გამოსხივების „მიკროჭავლები“ გამოიყენეს, რომლებიც ხელუხლებელი არტეფაქტის ძალიან პატარა რეგიონებისკენ მიმართეს. მუმიის კბილებისა და ბარძაყის ძვლის კომპიუტერულმა რენტგენულმა ტომოფგრაფიამ დაადასტურა გოგონას ასაკი, მაგრამ ძვლებზე არ გამოვლინდა ტრავმის ნიშნები, რასაც შეიძლება, მისი სიკვდილის გამომწვევ მიზეზზე მიენიშნებინა.

დამიზნებულმა, მაღალი ინტენსივობის რენტგენულმა სხივებმა ასევე გამოავლინა, რომ გოგონას მუცელში მოთავსებულია რაღაც იდუმალი ობიექტი.

დაახლოებით ოცი წლის წინ მუმიისთვის ჩატარებული სკანირებები ძალიან დაბალკონტრასტული იყო და შესაბამისად, მრავალი დეტალი შეუმჩნეველი დარჩა. ახალი ანალიზებისთვის მკვლევრებმა ჩაატარეს ახალი კომპიუტერული ტომოგრაფია, რათა მუმიის მთლიანი სტრუქტურის ვიზუალი მიეღოთ.

ამის შემდეგ, რენტგენული დიფრაქციით ისინი სპეციფიკურ რეგიონებზე ფოკუსირდნენ. ამ პროცესში, რენტგენული სხივების მჭიდროდ კონცენტრირებული ნაკადი ატომებს კრისტალურ სტრუქტურაში ირეკლავს; დიფრაქციის მახასიათებლებში არსებული ვარიაციები მიუთითებს, რა მასალისგან არის დამზადებული ობიექტი.

კვლევის ავტორის, ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის უჯრედისა და განვითარების ბიოლოგიის პროფესორის, სტიუარტ სტოკის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გაუხსნელი მუმიის შესასწავლად რენტგენული დიფრაქცია გამოიყენეს. მუმიას „ჰავარის პორტრეტულ მუმია No. 4“-ს უწოდებენ და ის ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის ბლოკის ხელოვნების მუზეუმის კოლექციაშია დაცული. ის 1910-1911 წლებში აღმოაჩინეს, ძველეგვიპტურ ძეგლ ჰავარაზე მიმდინარე გათხრებისას; თარიღდება ახ. წ. პირველი საუკუნით, როდესაც ეგვიპტე რომაელთა მმართველობის ქვეშ იყო.

„ეგვიპტეში რომაული ხანისას, მათ მუმიების წინა მხარეს პორტრეტების მიკვრა დაიწყეს. მრავალი ათასი ასეთი მუმია დაამზადეს, მაგრამ დღემდე მოღწეულ მუმიათა უმეტესობას პორტრეტები მოხსნილი აქვს; მხოლოდ 100-150 მუმიაა მოღწეული პორტრეტით“, — ამბობს სტოკი.

მიუხედავად იმისა, რომ მუმია No. 4-ზე ზრდასრული ქალის პორტრეტია მიკრული, მისი პატარა ზომა სხვა რამეზე მიუთითებდა; მართლაც, ტომოგრაფიამ დაადასტურა, რომ მუმია ბავშვს ეკუთვნის, იმდენად პატარას, რომ ჯერ მუდმივი კბილებიც კი არ აქვს ამოსული.

კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ სხეულის სიგრძე 93,7 სანტიმეტრია, სახვევები კი კიდევ 50 მილიმატრეს მატებს.
სარკოფაგში მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს ნემსის მსგავსი 36 სტრუქტურა, 11 მათგანი თავისა და კისრის სიახლოვეს, 20 ფეხებთან და ხუთი კი სხეულზე. რენტგებულმა დიფრაქციამ განსაზღვრა, რომ ეს გახლავთ თანამედროვე ლითონის ქინძისთავები, რომლებიც მუმიას წინა საუკუნეში ფიქსაციისთვის დაუმატეს.

ერთი მოულოდნელი აღმოჩენა იყო ნალექის უსწორმასწორო ფენა მუმიის სახვევებში, სავარაუდოდ ტალახი. სტოკის აზრით, მას სახვევების დასაცავად იყენებდნენ. 

კიდევ ერთი უცნაური აღმოჩენა იყო პატარა, 7 მმ სიგრძის ელიფსური ობიექტი, რომელიც მუმიის სახვევებში მუცლის ზემოთ იპოვეს.

რენტგენული დიფრაქციით დადგინდა, რომ ის კალციტისგან არის დამზადებული, მაგრამ რას წარმოადგენდა სინამდვილეში? სტოკის განცხადებით, ერთ-ერთი ვერსიით, ის შეიძლება იყოს ავგაროზი, რომელიც იმიტომ ჩააყოლეს, რომ მუმიფიცირების დროს ბავშვის სხეული დაზიანდა.

ასეთ შემთხვევებში, ქურუმები სხეულის დაზიანებულ ნაწილზე ხშირად ათავსებდნენ ავგაროზებს, რათა გარდაცვლილი სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეში დაეცვა. როგორც სტოკი განმარტავს, ამ მუმიაში აღმოჩენილი კალციტის ბურთულა ზუსტად იმ ზომისაა და ისეთ ადგილასაა მოთავსებული, რომ ნამდვილად დამცავი ავგაროზი უნდა იყოს.

მიუხედავად ამისა, კომპიუტერული ტომოგრაფია არც ისეთი მაღალი რეზოლუციის ყოფილა, რომ ამ ობიექტზე ამოკვეთილი დეტალები გვაჩვენოს და შესაბამისად, ძნელია იმის გადაჭრით თქმა, რა დანიშნულებას ატარებდა იგი.

„ყოველი ასეთი კვლევის დროს საკმაოდ კარგ პასუხებს იღებ, მაგრამ გებადება კიდევ უფრო მეტი შეკითხვა“, — ამბობს სტიუარტ სტოკი.

კვლევა Journal of the Royal Society Interface-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით

1tv.ge

image_pdfimage_print

Comments

comments