“პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად მოხერხდა განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველყოფა”

 მიხეილ ჩხენკელი: მიმდინარე სემესტრი არცერთ შემთხვევაში არ ჩავარდება | BM.GEსაქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას პანდემიის პირობებში ზოგადი განათლების მიმართულებით დისტანციური სწავლების მხარდასაჭერად გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განათლების მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებულმა ანტიკრიზისულმა ღონისძიებებმა მაღალი შეფასება დაიმსახურა საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციებისაგან.

პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ერთობლივი ძალისხმევით, მოხერხდა განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველყოფა. Covid-19-ის პრევენციისა და მოსწავლეებისთვის განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტრომ სკოლებისთვის დროულად შეიმუშავა შესაბამისი რეკომენდაციები და წარმატებით დანერგა სისტემაში დისტანციური სწავლების სხვადასხვა პლატფორმა“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესის გამართვის კუთხით, სამინისტროსა და Microsoft-ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, ყველა კლასისა და საგნისთვის შეიქმნა ვირტუალური საკლასო ოთახი და გააქტიურდა უნიკალური პროფილები მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის. პარტნიორობის შედეგად, ქართულ ენაზე ითარგმნა Microsoft-ის საგანმანათლებლო პორტალი (Teams), რომელშიც ინტეგრირდა ელექტრონული რესურსების პლატფორმა – el.ge. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს Teams-ში ელექტრონული ჟურნალის ინტეგრირების პროცესიც.

მიხეილ ჩხენკელის თქმით,   პროექტი „ტელესკოლა“ გრძელვადიანი იქნება და მის ფარგლებში შექმნილი ახალი საგანმანათლებლო არხი – „პირველი არხი განათლება“ პანდემიის შემდეგაც გააგრძელებს მაუწყებლობას. „ტელესკოლა“ I-XII კლასის მოსწავლეებისთვის ყველა საგანში ტელეგაკვეთილების ჩატარებას, აბიტურიენტის საათს, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებისთვის ცალკე საგაკვეთილო ბადესა (სომხური და აზერბაიჯანული) და სმენის პრობლემის მქონე მოსწავლეებისთვის ყველა გაკვეთილის ჟესტურ ენაზე ადაპტირებას ითვალისწინებს.

მიხეილ ჩხენკელმა დისტანციური სასწავლო პროცესის სრულყოფის მიზნით საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას გაუსვა ხაზი, კერძოდ, 2020 წლის ივნისში სამინისტროს ინიციატივით, ზოგადი განათლების შესახებ კანონში შევიდა ცვლილება: მოხდა დისტანციური სწავლების განათლების ერთ-ერთ ფორმად აღიარება. ამასთან, 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე დამტკიცდა დისტანციური სწავლების წესი, რამაც უზრუნველყო სწავლა-სწავლების პროცესის დისტანციურ ფორმატში წარმართვა.

მან ასევე განსაკუთრებით გამოყო დისტანციური სწავლების პროცესში აბიტურიენტების ხელშეწყობის მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ სამინისტრომ ამ მიმართულებით განახორციელა პროექტი „ვებსკოლა“, რომლის ფარგლებში, როგორც ქართულენოვანი, ასევე, არაქართულენოვანი აბიტურიენტებისთვის ჩატარდა და გამოქვეყნდა 400-მდე ვებინარი.

მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ პირველ სემესტრში, მას შემდეგ, რაც მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ, მშობლებს მიეცა საშუალება, აერჩიათ დისტანციური სწავლების ფორმატი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ იმ სკოლებში, სადაც მშობლების სურვილით მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, სამინისტრომ შეძლო მასწავლებლების ორმაგი დატვირთვის ანაზღაურება.

image_pdfimage_print

Comments

comments