დღეს ნინოობაა

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღესასწაულს აღნიშნავს.

წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. იგი საქართველოში ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას თან ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ჰქონდა.

ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად IV საუკუნეში გამოცხადდა.  ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.

ბოდბის სამონასტრო კომპლექსში, წმინდანის საფლავზე, როგორც საფლავის ძეგლი, დგას წმინდა გიორგი ძლევამოსილის და წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარი – IX საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა. წმინდა ნინოს თმებით შეკრული ვაზის ჯვარი კი თბილისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ინახება.

ნინოობა ორჯერ 1-ელ ივნისსა და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს აღინიშნება.

image_pdfimage_print

Comments

comments