ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების უპირობოდ დადასტურებას მხარი დაუჭირეს

ევროსაბჭოსევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაციის დელეგაციისთვის უფლებამოსილების უპირობოდ დადასტურებას მხარი დაუჭირა. შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 107-მა წევრმა, 36 წინააღმდეგ წავიდა, 24 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

შეგახსენებთ, რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება უკრაინის დელეგაციის მოთხოვნით გასაჩივრდა. ამ მოთხოვნას მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე დელეგაციამ, მათ შორის, საქართველომაც დაუჭირა. მოგვიანებით მონიტორინგის კომიტეტმა ამ საკითხზე მოამზადა ანგარიში, რომელშიც ავსტრიელი დეპუტატი შტეფან შენახი გამოვიდა ინიციატივით, რომ რუსეთთან დიალოგის აღდგენის მიზნით, რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება უპირობოდ ცნონ. ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეის წევრებმა ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს.

ლატვიელმა დეპუტატის ინესე ლიბინა-ეგნერის შეფასებით, რუსეთი პატივს არ სცემს თავის ვალდებულებებს და ძირს უთხრის ევროსაბჭოს ფუნდამენტურ ღირებულებებს და რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი.

„რუსეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთისთვის ხმის მიცემის უფლების აღდგენა არასწორი ნაბიჯი იყო, რომელმაც რუსეთს საშუალება მისცა, მოეხდინა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციების იგნორირება და ყველაზე უმთავრესი, ძირი გამოეთხარა ამ ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ფუნდამენტური ღირებულებებისთვის. ნება მიბოძეთ, ასევე შეგახსენოთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლოდროინდელი განჩინებით, რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დროს“, – აღნიშნა ლატვიელმა დეპუტატმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა კახა კუჭავამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ  რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვისას,  გასათვალისწინებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო – 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და შემდგომ პერიოდში. 17 მოსამართლისგან შემდგარმა დიდმა პალატამ ერთხმად დაადასტურა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი პირადი კონტროლის ქვეშ მოქცევა. რუსეთმა დაარღვია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის: წამების აკრძალვა; სიცოცხლის უფლება; გადაადგილების თავისუფლება; და საკუთრების უფლება. ნება მიბოძეთ, გკითხოთ – შეიცვალა რამე 2008 წლის შემდეგ? ასრულებს რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას? იკვეთება მისი დამოკიდებულების ან ქცევის ცვლილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ? შეასრულა მან ევროსაბჭოს რეკომენდაციები? ყველა ამ კითხვაზე პასუხი ცალსახაა – არა.

2021 წელსაც იგივე ხდება, რაც 2008 წელს ხდებოდა – ქართველების ინტენსიური ეთნიკური დისკრიმინაცია, სიცოცხლის უფლების ჩამორთმევა, წამების, გატაცებისა და უკანონო დაკავების შემთხვევები, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა და დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დარღვევა საკუთარ ტერიტორიებზე დაბრუნების შესახებ. ამ ყველაფერს თან ერთვის რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების არ შესრულება და ახალი ნაბიჯების გადადგმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ“, – აღნიშნა კუჭავამ.

კახა კუჭავას განმარტებით, ვიდრე საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური ნორმების აუგულებელყოფა მოხდება, მხარს არ დაუჭერენ ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს.

image_pdfimage_print

Comments

comments