ცირკულარული ეკონომიკა და საქართველო

ცირკულარული ეკონომიკა საქართველოში"ცირკულარული ეკონომიკა"საქართველოში ყოველწლიურად, დაახლოებით, 900 000 ტონა ნარჩენი წარმოიქმნება, რომლის 75%-ზე მეტი ნაგავსაყრელზე ხვდება. ნაგავსაყრელზე განთავსება ნარჩენების მართვის ყველაზე ნაკლებად სასურველი გზაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ნაგავსაყრელი არასათანადოდ არის მოვლილი.

ეს პრობლემა საქართველოში განსაკუთრებით მწვავეა და ევროპულ ქვეყნებთან შედარებით განსხვავება დიდია. მაგალითისთვის, თუკი საქართველოს შვედეთს შევადარებთ, ვნახავთ, რომ იქ ნაგავსაყრელზე ნარჩენების მხოლოდ 1% ხვდება, ნათქვამია EU Neighborhood-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში. ნარჩენების მინიმიზაციას არა მხოლოდ გარემოსდაცვითი, არამედ დიდი ეკონომიკური სარგებელიც აქვს, რომლის გამოყენებაზეც საქართველომ ზრუნვა უნდა დაიწყოს.

ცირკულარული ეკონომიკა (ეკონომიკური სისტემა, რომლის მიზანსაც ნარჩენების აღმოფხვრა და უკვე მოხმარებული რესურსების მუდმივი გამოყენება წარმოადგენს) 4.5 ტრილიონი აშშ დოლარის ღირებულების ეკონომიკურ შესაძლებლობას გვთავაზობს, ნარჩენების მინიმაზიის, ბიზნესის ზრდის სტიმულირებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნით. ნედლეულის უკეთ გამოყენება მხოლოდ პლანეტისთვის არაა სასარგებლო, იგი ფინანსური იმპერატივია. რესურსების საერთაშორისო პანელის თანახმად, მასალებისა და ენერგორესურსების მდგრადი გამოყენების გზით, გლობალური ეკონომიკა 2050 წლისთვის დამატებით US$2 ტრილიონს მიიღებს.

სწორედ ამიტომ, შესაძლოა, განსაკუთრებული უპირატესობები მიიღონ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებმა, ნათქვამია WEF-ის ტატიაში. რესურსების საერთაშორისო პანელის მოდელირება ცხადყოფს, რომ 2060 წლისთვის, მართებული მდგრადი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, გლობალური რესურსების გამოყენების ზრდა შეიძლება 25%-ით შემცირდეს. ამავდროულად, გლობალური მშპ შეიძლება გაიზარდოს 8%-ით, განსაკუთრებული სარგებლით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისათვის.

სოციალური კეთილდღეობის მომტანი, მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობა, გლობალური გამოწვევაა ცვალებად სამყაროში, რაც კიდევ უფრო აქტუალური გახდა COVID–ით გამოწვეული მასობრივი უმუშევრობისა და ეკონომიკური სიდუხჭირის დროს.

თუმცა, კოვიდის დაძლევის ფონზე, ცირკულარული ეკონომიკა გვთავაზობს ცხოვრებისა და მუშაობის პირობების ფორმირებასა და გაუმჯობესებას, იმ ათასობით ადამიანისთვის, რომელიც ამჟამად უტილიზაციის სფეროში არაფორმალურადაა დასაქმებული, განსაკუთრებით, ქალებისთვის.

კვლევის თანახმად, ცირკულარულ ეკონომიკას, მხოლოდ ლათინურ ამერიკასა და კარიბებზე 4.8 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნა შეუძლია. მაგალითისთვის, ჩილეში მიზნად იქნა დასახული, 2040 წლისთვის, ცირკულარული ეკონომიკის მეშვეობით, 180,000-მდე ფორმალური სამუშაო ადგილის შექმნა, განახლებადი ინდუსტრიის მეშვეობით, რომელიც ცირკულარული ეკონომიკის საკვანძო ნაწილია. აღნიშნული ჩილეელებს დაეხმარება, მიაღწიონ მიზანს და უტილიზაცია 4%-დან 65%-მდე გაზარდონ, რაც მათი ეკონომიკური კეთილდღეობისა და მომავლისათვის – ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა – სასიცოცხლო მნიშვნელობის იქნება.

ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა მოითხოვს მასალებისა და წარმოების სრულყოფილი ჯაჭვური საკითხების მოგვარებას, არა მხოლოდ პროდუქტების, არამედ რესურსების ნაკადების რეკონსტრუქციას. გლობალიზებულ ეკონომიკურ სისტემაში ეს თანამშრომლობას მოითხოვს. მომდევნო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნები გაერთიანდნენ, მრავალმხრივ დონეზე, ვალდებულებების შესასრულებლად.

ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლას რამდენიმე ათეული წელი დასჭირდება. სამუშაო რთული იქნება. თუმცა, აღნიშნულ მიზანს უდიდესი სარგებელი და შესაძლებლობები აქვს. აუცილებელია ამ ტრანსფორმაციის გაძღოლა, რომ დავიცვათ კეთილდღეობა და ასევე, კლიმატი.

bm.ge

image_pdfimage_print

Comments

comments