კეთილმსახურმა დავით მეფემ გააერთიანა ქვეყანა, განწმიდა ეკლესია, დააბრუნა გახიზნული ქართველები

Картинки по запросу "წმ. მეფე დავით აღმაშენებელი"1089 წელს გიორგი მეორემ უარი თქვა მეფობის პატივსა და სიმძიმეზე და თავის თექვსმეტი წლის „მარტოშობილ ძეს… დაადგა გვირგვინი მეფობისა”. 

უპირველეს ყოვლისა დავით მეფემ დიდი თურქობის დროს გაქცეული და მიუვალ ადგილებში შეხიზნული ქართველების დაბრუნება დაიწყო ძველ ნამოსახლარებზე, თავი მოუყარა აზნაურებს, და მათთან ერთად შეუდგა ერის შეკრებას.

ღვთივგანრძნობილმა მეფემ თავისი გონიერი მზერა ეკლესიას მიაპყრო. მან მოიწვია საეკლესიო კრება „ღვთისმოყუარეთა მონაზონთა, დაყუდებულთა და მეუდაბნეთა სანახებთა ქართლისათა, მახლობლად ორთა საეპისკოპოსოთა – რუისა და ურბნისისა”. კრებამ აღადგინა და გააძლიერა ეკლესიის ავტორიტეტი, აღკვეთა თავგასულ ფეოდალთა და უღირს სასულიერო პირთა თავნებობა. ეკლესია გახდა ძირითადი დასაყრდენი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ეროვნული ინტერესების განხორციელების საქმეში. კრებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა მართლმადიდებლური სარწმუნოების სასიცოცხლო მნიშვნელობა ერისა და პიროვნების გადარჩენს საქმეში.

„არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩუენო კათოლიკე ეკლესიაო, არც განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განმცემელ ქმნილ ვართ, ვინაიდგან შემეცნებასა შენსა ღირს ქმნილ ვართ, მოწამე არს ჭეშმარიტება”, – ვკითხულობთ ამ კრების ძეგლის წერაში.

რამდენიმე წელი ქვეყნის შინა პოლიტიკის რეფორმას და აღმშენებლობას მოახმარა კეთილმსახურმა დავითმა, შემდგომ კი შეუდგა თურქთაგან საქართველოს სრულ განწმენდას.

თურქთა სულთანმა მუჰამედმა ასი ათასიანი ლაშქარი დაძრა საქართველოსკენ. როცა მტრის შემოსვლა შეიტყო, თავად მეფე ათას ხუთასი კაცით თრიალეთისაკენ წავიდა. განთიადისას შეება ერთმანეთს უთანასწორო მხედრობა. „შეწევნითა ღმრთისაითა იძლია ბანაკი თურქთა”. თავზარდაცემული მომხდურები ისე გაიქცნენ, რომ კარვების მოხსნა და საქონლის გარეკვაც ვერ მოასწრეს. ამასობაში გიორგი ჭყონდიდელმა რუსთავიც წაართვა დამპყრობლებს. 1115 წელს მტკვრის ხეობა მთლიანად შეუერთდა საქართველოს. ერთი წლის შემდეგ კი კარნიფორსა და ბასიანს შორის დაბანაკებული თურქებიც განდევნეს.

1121 წელს დიდგორის ბრძოლის დაწყების წინ მეფემ სიტყვით მიმართა ლაშქარს:

„ეჰა, მეომარნო ქრისტესნო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთ რამეს გირჩევთ… ჩვენ ყველამ ხელთა ცისადმი აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე უმალ მოვკვდებით, ვიდრე გავიქცევით და რომ არ შეგვეძლოს გაქცევა, რომც მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლით შევსულ ვართ, ხეთა ხშირ ხერგებით შევკრათ და მტკიცე გულით მტრებს, როცა მოგვიახლოვდებიან ჩვენზე იერიშის მოსატანად, სასტიკად შევუტიოთ”…

Картинки по запросу "გელათი"
გელათი

   უკან დახევაზე არც უფიქრია ვინმეს. მეფის გასაოცარმა საბრძოლო ტაქტიკამ და შემართებამ, ქართველთა სიმხნევემ და ზეციურმა სასწაულებმა მტერი შიშით გათანგა.

„ხელი მაღლისა შეეწეოდა და ძალი ზეგარდმო ფარვიდა მას და წმიდა მოწამე გიორგი გან-ცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა მას და მკლავითა თვისითა მოსრვიდა ზედამოწევნულთა უსჯულოთა მათ წარმართთა”.

 1122 წელს დავით აღმაშენებელმა თბილისი აიღო და ოთხასწლიანი ტყვეობის შემდეგ დედაქალაქი სამშობლოს დაუბრუნა. 1123 წელს დავითმა დმანისიც შემოიერთა და ამით საქართველოს გაერთიანება საბოლოოდ განასრულა.

კაცთმოყვარე მეფემ სნეულთათვის ქსენონი ააშენა, ყველა აუცილებელი ნივთი მოუმზადა. სიუხვით და წყალობით სავსე თვითონაც ხშირად ნახულობდა ავადმყოფებს, ყოველთვის თან დაჰქონდა ქისა მოწყალების გასაცემად.  განსწავლული და მწიგნობარი მეფე თავისუფალ დროს საღმრთო წერილისა და სხვა მეცნიერებათა წვდომას ანდომებდა. დავითს წიგნები ომშიც თან დაჰქონდა, როცა კითხვით გადაიღლებოდა, სხვას აკითხებდა, თითონ კი ყურადღებით უსმენდა. ყველაზე უფრო წმიდა წერილის კითხვა უყვარდა.

წმიდა დავით აღმაშენებელი დაკრძალეს მის მერ აგებულ და სამეფო საძვალედ დადგენილ გელათის მონასტრის შესასვლელში. საფლავის ქვაზე ამოკვეთილია კეთილმსახური მეფის უკანასკნელი სურვილი:

„ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, ესე მთნავს: აქა დავემკვიდრო მე”.

xareba.net

image_pdfimage_print

Comments

comments