დედამიწის ტექტონიკური ისტორია 40-წამიან ანიმაციაში

Image result for тектоничекая карта землиტექტონიკური ფილები, რომლებიც დედამიწას ფიგურებიანი თავსატეხივით ფარავს, დაახლოებით ფრჩხილების ზრდის სისწრაფით მოძრაობენ. თუმცა, მილიარდობით წლის განმავლობაში ისინი მთლიანი პლანეტის მასშტაბით გადაადგილდებიან, როგორც ამას ახალ ვიდეოში გიჩვენებთ.

ტექტონიკური ფილების ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ მოდელში, მეცნიერებმა მილიარდი წლის მოძრაობა 40-წამიან ვიდეო კლიპში ასახეს. ვიდეო ნათლად ასახავს, როგორ ურთიერთქმედებდა ერთმანეთთან ეს უზარმაზარი კლდოვანი ფილები დროთა განმავლობაში.

ფილების მოძრაობა გავლენას ახდენს კლიმატზე, მოქცევა-მიქცევის მახასიათებლებზე, ცხოველთა გადაადგილებასა და ევოლუციაზე, ვულკანურ აქტივობაზე, ლითონების წარმოქმნაზე და ა. შ. ისინი გაცილებით მეტია, ვიდრე პლანეტის უბრალო საფარი, ეს სიცოცხლის მხარდამჭერი სისტემაა, რომელიც გავლენას ახდენს მისი ზედაპირის ყველა ცოცხალ ბინადარზე.

„პირველად ისტორიაში, შევქმენით ტექტონიკის სრულყოფილი მოდელი, რომელიც ყველა საზღვარს მოიცავს“, — ამბობს დედამიწის მეცნიერი მაიკლ ტეტლი.

ამ შემთხვევაში, მკვლევართა ჯგუფმა გააერთიანა ამ დროისათვის არსებული ყველაზე შესაფერისი მოდელები, დააკვირდა როგორც კონტინენტების მოძრაობას, ისე ურთიერთქმედებებს ფილებს საზღვრებს გასწვრივ.

„პლანეტა დედამიწა წარმოუდგენლად დინამიკურია ჩვენთვის ცნობილ კლდოვან პლანეტებს შორის; ზედაპირი შედგება ფილებისგან, რომლებიც გამუდმებით ეჯახებიან ერთმანეთს“, — ამბობს სიდნეის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერი საბინ ზაჰიროვიჩი.

Image result for დედამიწის ტექტონიკური რუკა

მისივე განცხადებით, ეს ფილები ფრჩხილის ზრდის სიჩქარით მოძრაობენ, მაგრამ როდესაც მილიარდ წელიწადს 40 წამში ჩატევთ, თქვენ წინაშე გამოჩნდება მომაჯადოებელი „ცეკვა“. ოკეანეები იხსნება და იხურება, კონტინენტები მიმოიფანტენა და პერიოდულად ისევ ერთიანდება სუპერკონტინენტთა წარმოსაქმნელად.

რაც უფრო შორს მიდიან მეცნიერები წარსულში, მით უფრო რთული ხდება ფილების მოძრაობის დადგენა; ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით ფრთხილად დაიტანეს რუკაზე ნეოპროტეროზოულიდან კამბრილამდე პერიოდი (1000 – 520 მილიონი წლის წინანდელი), რათა შესაბამისობაში მოსულიყო ამჟამად ხელმისაწვდომ ჩანაწერებთან.

რჩება კითხვები ამ ფილების თავდაპირველად წარმოქმნის შესახებ, მაგრამ ყოველი ახალი მონაცემი დედამიწის უძველესი ისტორიის უკეთ შესწავლაში გვეხმარება. მეცნიერები აღიარებენ, რომ მათ ნამუშევარს აკლია რაღაც უფრო მცირე დეტალები, რადგან ის მილიარდ წელიწადს მოიცავს, მაგრამ იმედოვნებენ, რომ გამოსადეგი რესურსი იქნება ფილების მოძრაობისა და მთელ პლანეტაზე ამის გავლენის შემდგომი კვლევებისთვის.

„ჩვენმა ჯგუფმა ბოლო მილიარდი წლის განმავლობაში დედამიწის ევოლუციის ყველაზე სრულყოფილი მოდელი შექმნა. ჩვენი პლანეტა უნიკალურია იმით, რომ მასზე სიცოცხლე ყვავის. ეს კი მხოლოდ გეოლოგიური პროცესების წყალობით გახდა შესაძლებელი, მაგალითად, ფილების ტექტონიკით, რამაც პლანეტას სიცოცხლისათვის შესაფერისი სისტემა უბოძა“, — ამბობს სიდნეის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერი დიეტმარ მიულერი.

კვლევა ჟურნალ Earth-Science Reviews-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია scimex.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

image_pdfimage_print

Comments

comments