კახიშვილი ღარიბაშვილს:”შეუბსუბუქდება თუ არა პირობები მცირე ბიზნესს?”

კახიშვილიუმრავლესობის დეპუტატმა  კახა კახიშვილმა დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს  ირაკლი ღარიბაშვილს რამდენიმე კითხვა დაუსვა, რომელთაგანაც ერთ-ერთი პანდემიის შედეგად დაზარალებულ მცირე ბიზნესს ეხებოდა. კახიშვილი ასევე სათხილამურო კურორტებზე პანდემიის შედეგად დახურული სასტუმროების ამოქმედებით დაინტერესდა.

„გრადაციის კუთხით, ჩემთვის ბევრი რამაა გაუგებარი და იქნებ გამარკვიოთ. შეიძლება არის სამართლიანი მიზეზები, რომელიც ჩვენ არ ვიცით და იქნებ ამაშიც დაგვეხმაროთ და გაგვარკვიოთ სამთო სათხილამურო კურორტებთან მიმართებაშიც.

ჩემი აზრით, გრადაცია ცოტა უაზროა, მაშინ როდესაც ყაზბეგში მუშობს სასტუმრო და ის სათხილამურო კურორტს არ მიეკუთვნება, ჩვეულებრივად მუშობს. ამ დროს ბაკურიანის, გოდერძის, გუდაურისა და მესტიის კურორტები სათხილამუროა და ისინი დაკეტილია. ცოტა მართლაც გაუგებარია. ყაზბეგში კოვიდი არ არის და აქეთ არ არის?! თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ შესაძლებელია გაიხსნას აღნიშნულ კურორტებზე სასტუმროები, მაგრამ არ ამოქმედდება იგივე სათხილამურო ტრასები, ნუ ლოგიკა სად არის?! ადამიანი თუ მიდის ამ კურორტებზე, ჩადის იმისათვის, რომ ტრასებით ისარგებლოს. იმ პირობებში, როდესაც ადამიანებს კრედიტი აქვს აღებული, ახლა მოდის თოვლი ამ კურორტებზე და ახლა არის მათთვის მუშაობის სეზონი, ხომ არ შეიძლება ამ ადამიანებს შევუქმნათ პირობები, რომ ერთის მხრივ, ამოისუნთქონ და არსებული ფინანსური ვალდებულებები შეასრულონ და მეორეს მხრივ, მოსახლეობას ხალისი მიეცემა და სპორტული ცხოვრებით მაინც იცხოვრებს“, – აღნიშნა კახიშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილიმა პასუხად განაცხადა, რომ  გადაწყვეტილებების მიღებისას საჭიროა არაორდინარული მიდგომები, მეტი კრეატიულობა, სისხარტე და სისწრაფე. ამასთან, აღნიშნა, რომ ყველა გეგმა მოითხოვს საბიუჯეტო ხარჯების გადახედვასა და ოპტიმიზაციას.

„მჯერა, რომ ეს ზოგადი ხედვა თქვენს მხარდაჭერას მოიპოვებს. სამთავრობო პროგრამა, რომელიც მინისტრებმა წარმოადგინეს, დეტალურად იქნა განხილული თქვენთან ერთად. გვესმის, რომ მთავარი გამოწვევა არის პანდემია, ეკონომიკა, ბიზნესს სჭირდება მაქსიმალური მხარდაჭერა. მე მაქსიმალურად მზად ვარ, პირადად ჩავერთო ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც შეეხება ბიზნესის სტიმულირებას, ბიზნესის მხარდაჭერას, რათა შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი.

ჩვენ გვჭირდება არაორდინარული მიდგომები, მეტი კრეატიულობა, სისხარტე, სისწრაფე გადაწყვეტილებებში. ეს ყველაფერი, გეგმები, რომელსაც ჩვენ უახლოეს 100 დღეში წარმოგიდგენთ, მოითხოვს საბიუჯეტო ხარჯების გადახედვას, ოპტიმიზაციას. საქართველო უნდა ვაქციოთ ქვეყნად, სადაც ადამიანები არიან თანასწორები და კეთილდღეობისთვის შრომობენ, სადაც დაცულია მისი თითოეული მოქალაქის უფლებები, განურჩევლად ეროვნებისა, რწმენისა, მსოფლმხედველობისა. ჩვენ გვჭირდება საქართველო, რომელიც სასურველია, პარტნიორია ცივილიზებული, თავისუფალი სამყაროსთვის.

კონკრეტულ ნაბიჯებს რაც შეეხება, არჩევის შემთხვევაში, დავიწყებ ჩემს გუნდთან ერთად და უმოკლეს ვადებში წარმოგიდგენთ ჩვენი ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმას, რომელიც გაწერილი იქნება მოკლე, შუალედურ ეტაპებად. ეს გეგმები საჯარო განხილვით, სამოქალაქო ჩართულობით უნდა დაიხვეწოს და სამთავრობო პროგრამად ჩამოყალიბდეს, რა თქმა უნდა, თქვენი უშუალო ჩართულობით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

image_pdfimage_print

Comments

comments