„ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ 27 თებერვალს გაიმართება

ინტერნეტი, გაჯეტი, პლანშეტიხვალ, 27 თებერვალს, 15:00-დან 22:00 საათამდე, ონლაინფორმატში გაიმართება „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“. ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და გაეროს მიგრაციის სააგენტო – მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM).  ღონისძიება ევროკავშირის ხელშეწყობით ჩატარდება.

დიასპორის ეკონომიკური ფორუმი მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისათვის საქართველოს ბიზნეს გარემოს, საინვესტიციო პოტენციალის, კონკრეტული საინვესტიციო შეთავაზებებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.

„ფორუმზე ხაზი გაესმება ქართული დიასპორის როლს საქართველოს ეკონომიკური განვითარების და საერთაშორისო საზოგადოებასთან დაახლოების პროცესში. ღონისძიებაზე განიხილება მეწარმეობის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები და თანადაფინანსების მექანიზმები, ხაზი გაესმება იმ წამყვან რეფორმებს, რომლებიც საქართველოში ბიზნესის დაწყების თუ ინვესტიციის განხორციელების სიმარტივეს განაპირობებს. ამასთან, მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკას, ქვეყანაში მოქმედ საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებებს და არსებულ სავაჭრო რეჟიმებს“, – აღნისნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

დიასპორის ეკონომიკური ფორუმი ოთხი თემატური სესიისგან შედგება. მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდებათ როგორც ეროვნული, ასევე უცხოური და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი პროგრამების შესახებ წარმოების, ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ინოვაციების მიმართულებით. დიასპორის წარმომადგენლებისათვის ჩატარდება ფართომასშტაბიანი და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული მიმდინარე თუ ახალი პროექტების პრეზენტაცია, განიხილება ამ პროექტებში დაისპორასთან თანამშროლობის პერსპექტივები.

ღონისძიებას 150-ზე მეტი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე დაესწრება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. მათ საშუალება ექნებათ, ონალინრეჟიმში, შეკითხვები დაუსვან შესაბამისი სამინისტროებისა თუ სააგენტოების წარმომადგენლებს და მიიღონ საჭირო ინფორმაცია საქართველოში საქმიანობის დაწყების თუ გაგრძელების შესახებ.

დაინტერესებულ საზოგადოებას შეეძლება ღონისძიებას სრულად ადევნოს თვალი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და გაეროს მიგრაციის სააგენტო – მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) Facebook-გვერდებზე.

image_pdfimage_print

Comments

comments