ბოლო 2 წელიწადში ლარის მიმართ მოსახლეობის ნდობა მნიშვნელოვნად გაიზარდა

     ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბას) შეფასებით, ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის -- ლარის მიმართ მოსახლეობის ნდობა მკვეთრად არის გაზრდილი. როგორც ორგანიზაციის ანალიტიკოსები აცხადებენ, ამ შეფასების საფუძველს საბანკო სექტორში ლარში სესხების და დეპოზიტების მზარდი დინამიკის ანალიზი იძლევა.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში დეპოზიტები ეროვნულ ვალუტაში 18, უცხოურ ვალუტაში კი 17 პროცენტით არის გაზრდილი. ეს დიდი განსხვავება არ არის და ამ ორი რიცხვით რთულია, ლარის მიმართ მომხმარებელთა ნდობის ზრდაზე ვისაუბროთ. თუმცა თუ დეპოზიტებს კატეგორიების მიხედვით გადავხედავთ, ეროვნული ვალუტის მიმართ მომხმარებელთა ნდობის მკვეთრი ზრდა აშკარაა“, — აცხადებენ აფბა-ში.

ამავე ცნობით, ეროვნულ ვალუტაში ვადიანი დეპოზიტების ზრდამ ბოლო ერთ წელიწადში 53 პროცენტი შეადგინა, როცა დროის იმავე პერიოდში უცხოურ ვალუტაში ვადიანი დეპოზიტები მხოლოდ 6 პროცენტით გაიზარდა. 74 პროცენტით არის გაზრდილი 1 წელზე მეტი ვადიანობის დეპოზიტები ლარში, ხოლო 2-პროცენტიანი კლებაა იმავე კატეგორიის უცხოურ დეპოზიტებზე. ასევე 46-პროცენტიანი ზრდაა 6-12 თვემდე ვადიანობის დეპოზიტებზე ლარში, როდესაც იმავე ვადიანობის უცხოური დეპოზიტები 15 პროცენტით არის გაზრდილი.

„147 პროცენტით არის გაზრდილი 1-3 თვემდე დეპოზიტები ეროვნულ ვალუტაში, ხოლო უცხოურ ვალუტაში 59-პროცენტიანი ზრდაა. 1 თვემდე დეპოზიტები ლარში 31 პროცენტით არის გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში ამ მიმართულებით 65-პროცენტიანი კლებაა.

ეს ტენდენციები ასახულია სესხების და დეპოზიტების დოლარიზაციის დონეზეც. ბოლო 2 წელიწადში ორივე მიმართულებით დოლარიზაციის დონე მნიშვნელოვნად არის შემცირებული. კერძოდ, თუ 2012 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, სესხების 68 პროცენტი უცხოურ ვალუტაში იყო გაცემული, 2014 წლის 1 ნოემბრისთვის ეს მაჩვენებელი 60 პროცენტამდეა შემცირებული. დროის იმავე მონაკვეთში 65-დან 59-მდე არის შემცირებული დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტიც“, — აცხადებენ აფბა-ში.

ასევე აღსანიშნავია, რომ ვადიანი დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი 84,8-დან 70,4 პროცენტამდე შემცირდა, რაც ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გამყარებაზე ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს.

აფბას შეფასებით, მსგავსი ტენდენცია ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის გამყარებაზე დადებითად აისახება, ვინაიდან ლარის მიმართ გაზრდილი ნდობა ქვეყანაში დოლარიზაციის დონის შესამცირებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. „შემცირებული დოლარიზაცია კი მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ავტონომიის და ეფექტიანობის ხარისხს ზრდის, რისი შედეგიც სტაბილური, პროგნოზირებადი ფინანსური სისტემა და ეკონომიკური გარემოა“, — აცხადებენ აფბა-ში.

image_pdfimage_print

Comments

comments