ექს–პრეზიდენტი სასამართლო სხდომაზე:”არ მოგენატრათ ტემპი და დრაივი…მაშინ დავასრულოთ ის, რაც ახლა ხდება”

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომ  არ აღიარებს პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას და  აქ იმისთვის არ არის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი იყოს.

პროცესის დაწყებისას დამსწრეებმა საქართველოს ჰიმნი ჩართეს, რასაც მოსამართლეების მხრიდან შენიშვნა მოჰყვა.

„ჰიმნის აკრძალვა? საქართველოს ჰიმნის ქვეშ, მე, რომელმაც შევქმენი ეს ჰიმნი, მე არ მინდა ახლა კამათი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლეებს შუამდგომლობით მიმართა, პროცესის გაშუქების შესაძლებლობა ყველა ტელევიზიას მიეცეს.

„დღეს სამარცხვინო, მაგრამ ისტორიული პროცესის მომსწრე ვართ. მესამე პრეზიდენტი ესწრება და პირველად აქვს შესაძლებლობა. შუამდგომლობა გვაქვს, მაუწყებლებს, ვინც მოითხოვეს გაშუქების უფლება, შემოვიდნენ და გააშუქონ და ცოცხალ რეჟიმში“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ამასთან, მოსამართლე ნინო ელიეშვილმა ადვოკატებს მიმართა, შეეწყვიტათ სხდომის სოციალურ ქსელში ტრანსლირება.

„გამორთეთ ტრანსლირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დატოვეთ დარბაზი. მანდატურებს ვთხოვ, მოახდინონ რეაგირება ამაზე“, – განაცხადა მოსამართლემ, რის შემდეგაც ადვოკატებმა ტრანსლირება შეწყვიტეს.

დღევანდელი სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმეს ეხებოდა. 7 ნოემბრის აქციის დარბევის, „ტელეიმედში“ შეჭრისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, არანაირი გირგვლიანის საქმე არ არსებობს და მას ასე მხოლოდ პიარისთვის უწოდებენ.

„რაც შეეხება იმას, რაზეც ვარ გასამართლებული. მე უკვე ორ საქმეზე ვარ გასამართლებული, რომ არ გამომეხედა საქართველოსკენ. ერთი საქმე ეხება გაუგონარ რაღაცას – პრეზიდენტის მიერ შეწყალებას ე.წ. გირგვლიანის საქმეზე, რომელიც არანაირი გირგვლიანის საქმე არ არის. ასე დაარქვეს პიარისთვის. ტრაგედია იყო სანდრო გირგვლიანის სიკვდილი, ის ოფიცრები იყვნენ დაკავებულები, 2008 წლის ომის შემდეგ მოხდა ამნისტია სამხედროების, 280 სამხედროსი, მათ შორის ერთი თმით დამათრევდა გლდანის დაწესებულებაში, ჩემ მიერ ამნისტირებული. ოღონდ ამნისტია კი არ მოხდა, ორჯერ მოხდა საპატიმრო ვადის შემცირება, განახევრება. იქიდან გავიდა კიდევ ექვსი თვე და ორმა სხვადასხვა მოსამართლემ გამოუშვა ესენი „უდოთი“ და აქედან ერთი მე მასამართლებს პიჯაკების საქმეზე. მართლა ხომ არ ბნელა, ხალხო? ჩალით ხომ არ არის ეს ქვეყანა დახურული“, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე პროცესზე სიტყვით გამოსვლისას ქართველ ხალხს მიმართა.

„მინდა, პირველ რიგში მივესალმო გარეთ მდგარ ადამიანებს, მივესალმო საქართველოს საზოგადოებას. რამდენიმე დღე ვიარე თავისუფლად საქართველოში, მქონდა ადამიანებთან ურთიერთობის საშუალება ტყვედ აყვანის წინ და მე ვნახე, რომ ხალხი არის ძალიან დაღვრემილი, ხალხი არის ძალიან მოღუშული, ხალხი პრაქტიკულად არ იღიმება, ხალხი არის ძალიან გაუბედურებული.

მინდა, გითხრათ, ჩემო საყვარელო ქართველო ხალხო, მინდა, გკითხოთ, არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა, არ მოგენატრათ ტემპი და დრაივი განვითარების, არ მოგენატრათ სიახლე და აღმშენებლობა, სიყვარული და სითბო, გამარჯვების ზეიმი? თუ ეს ყველაფერი მოგენატრათ, მაშინ ის, რაც ახლა ხდება, ეს ყველაფერი ერთად უნდა დავასრულოთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

1tv.ge

image_pdfimage_print

Comments

comments