რუსთავში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა განახლებული ტექნიკით მოხდება


რუსთავის მერია, მუნიციპალური სერვისების ახალი სტანდარტების დანერგვის მიზნით, ,,რუსთავსერვის ცენტრის“ დასუფთავების სამსახურის რეფორმას ახორციელებს.

სერვისის გასაუმჯობესებლად მერიამ უკვე შეიძინა 7 ერთეული ევრო 5-ის სტანდარტის საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამზიდი მანქანა და ორი ერთეული სპეცტექნიკა.

ახალი მანქანებისა და სპეცტექნიკის პრეზენტაციაზე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ სიახლეებზე ისაუბრა. პრეზენტაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და რუსთავის საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

როგორც ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, ,,რუსთავსერვის ცენტრი“ ქალაქის დასუფთავებასა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას, განახლებული ტექნიკითა და თანამედროვე სტანდარტებით უზრუნველყოფს.

,,დღეს წარმოვადგინეთ ის ახალი ტექნიკა და აღჭურვილობა, რომლითაც ჩვენი თანამშრომლები მოემსახურებიან ქალაქს. ჩვენ შევძლებთ, რომ რუსთავი იყოს უფრო დასუფთავებული და მოვლილი. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ასევე ვზრუნავთ თანამშრომლების მოტივაციაზე, მათ 1 იანვრიდან მნიშვნელოვნად გაეზრდებათ ხელფასები, შევუძინეთ ახალი სპეცტანსაცმელი. ეს არის რეფორმის პირველი ეტაპი, რა თქმა უნდა მოვემზადებით იმისთვის, რომ ეტაპობრივად დავიწყოთ ნარჩენების სეპარირება. პირველ ეტაპზე ეს მოხდება ახლადრეაბილიტირებულ სკვერებში სადაც უკვე არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა. გამომდინარე იქედან, რომ ქალაქის დაბინძურება და ეკოლოგია სენსიტიური თემაა, ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით დასუფთავების მიდგომები იქნება ძალიან სწორი და დროული“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ნინო ლაცაბიძემ.

როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, მუნიციპალური სერვისის რეფორმის პირველი ეტაპის შედეგი, ბიუჯეტის ნაკლები დანახარჯი და უფრო სუფთა ქალაქი იქნება.