ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილი 81 წლისაა

NETFLIX-ის ფილმში დაშვებულმა შეცდომამ ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო მასშტაბით ისევ პოპულარული გახადა – nostal.ge3 მაისს ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ ნონა გაფრინდაშვილს 81 წელი შეუსრულდა. კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი მის მეტად საინტერესო საჭადრაკო კარიერას.

5 წლის იყო, როდესაც ჭადრაკის თამაში დაიწყო. ოჯახის ერთადერთი ქალიშვილი ხუთ ძმასთან ერთად ჯერ ფეხბურთს თამაშობდა, შემდეგ კი ძმებმა ჭადრაკიც შეასწავლეს. ერთხელ, ზუგდიდის პიონერთა სასახლეში გამართულ შეჯიბრებაზე ნონამ ერთ-ერთი ძმის ნაცვლად იასპარეზა, რომელიც ტურნირს ავადმყოფობის გამო გამოეთიშა და ნონამ მასზე ბევრად ძლიერი მეტოქე მალევე დაამარცხა.

1953 წლის ზაფხულში,  ბათუმში გამართულ მოსწავლეთა რესპუბლიკურ პირველობაზე ნონა უკვე ზუგდიდის ნაკრების წევრი იყო. სწორედ აქ შენიშნა მისი ტალანტი ლეგენდარულმა მწვრთნელმა ვახტანგ ქარსელაძემ და უკვე 1954 წელს მისი დაჟინებული თხოვნით ნონა სასწავლებლად თბილისში გადაიყვანეს.

ვახტანგ ქარსელაძემ მისთვის ჩვეული ინტუიციის წყალობით, ნონას პარტიის დასრულების  შემდეგ ბრძანა:

„შევამჩნიე, რომ მას მახვილი თვალი და პოზიციის შეფასების თავისებური უნარი ჰქონდა“.

1955 წელს ნონამ თბილისის პირველობაზე  ვერცხლის მედალი მოიგო. შემდეგ, რიგაში გამართულ მოსწავლეთა საკავშირო გუნდურ პირველობაზე ისახელა თავი.  1956 წელს ქალ მოჭადრაკეთა შორის თბილისის ჩემპიონი გახდა. ამავე წელს ნონამ კარიერაში პირველად, ქალთა შორის საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა. 15 წლის ნონამ აქ 16 პარტია ითამაშა და 15,5 ქულა მოაგროვა.

19 წლის იყო, როდესაც ვრიანჩკა ბანიაში ჩატარებულ პრეტენდენტთა ტურნირზე პირველობა არავის დაუთმო. აქ მან 16 შესაძლებლობიდან საკუთარ ანგარიშზე 13 ქულა მიითვალა და მისი უშუალო  კონკურენტების – ვალენტინა ბორისენკოს და კირა ზვორიკინას დამარცხება შეძლო.  1962 წელს მოსკოვში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ნონამ ელიზაბეტა ბიკოვა ანგარიშით 9:2 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონობა პირველად იზეიმა.

მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ნონა არის პირველი მოჭადრაკე, რომელიც დაფნის გვირგვინს 16 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა.

ნონა გაფრინდაშვილმა ვაჟთა ჭადრაკშიც სერიოზულ წარმატებებს მიაღწია. ის პირველი ქალი იყო, რომელმაც ვაჟთა ნორმატივიც შეასრულა და საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა.

მან მოახერხა გამარჯვების მოპოვება ტურნირზე ჰოსტინგში (აშშ, 1963-1964), ლონ პეინში გამართულ აშშ-ის ღია პირველობაზე (1977), რეჯიო ემილიაში (იტალია, 1983), ვიიკ ან ზეეში (ჰოლანდია, 1987). აშშ-ში გამარჯვების შემდეგ ნონა გაფრინდაშვილი გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე, რომელმაც დიდოსტატის წოდება მიიღო.

ნონა გაფრინდაშვილმა 5-ჯერ მოიგო სსრკ-ის ჩემპიონატი ქალ მოჭადრაკეთა შორის (1964, 1973/74, 1981, 1983, 1985). 10-ჯერ იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. 1963-1986 წლებში გამართულ საჭადრაკო ოლიმპიადებზე 11 გუნდური და 9 პირადი ოქროს მედალი მოიპოვა.

image_pdfimage_print

Comments

comments