ახალი ოპტიკური ილუზია გაგიჩენთ განცდას, თითქოს თქვენკენ შავი ხვრელი მოდის

galaxy, black hole, გალაქტიკა, შავი ხვრელი, კოსმოსიახალმა ოპტიკურმა ილუზიამ შეიძლება უმეტესი ჩვენგანი მოატყუოს და ისე მოგვაჩვენოს, თითქოს გაფართოებად შავ ხვრელს ვხედავთ. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.

წინა მიმართულებით მოჩვენებითი მოძრაობა ალბათ ჩვენი გონების ერთ-ერთი გზაა, რომ პეიზაჟის ცვლილებისთვის მოგვამზადოს. მკვლევართა ვარაუდით, სიკაშკაშის წყვდიადით შეცვლის პროგნოზირებით, ჩვენს ვიზუალური სისტემას შეუძლია გაცილებით სწრაფად მოერგოს პოტენციურად საშიშ გარემოს.

„ისევე როგორც ნათებამ შეიძლება მოგჭრათ თვალი, წყვდიადში ჩაფვლაც სარისკოა, როდესაც ჩაბნელებულ გარემოში მოძრაობთ“, — წერენ მკვლევრები.

მათი განცხადებით, როგორც სხვა ნებისმიერ ილუზიაში, ეს ვირტუალური გაფართოებადი სიბნელეც ნამდვილივით აღიქმება, რადგან დამკვირვებელი არც წინ მოძრაობს, არც რაიმე ბნელ სივრცეში შედის.

ახალი ოპტიკური ილუზია გაგიჩენთ განცდას, თითქოს თქვენკენ შავი ხვრელი მოდის — #1tvმეცნიერება

ამ ოპტიკური ილუზიის ანალიზისათვის ჩატარებულ პირველ კვლევაში შეისწავლეს, რა გავლენას ახდენს ჩვენს მენტალურ და ფსიქოლოგიურ რეაგირებაზე ხვრელის ფერი და მის გარშემო არსებული წერტილები.

ამისათვის, ნორმალური მხედველობის მქონე 50-კაციან ჯგუფს ეკრანზე აჩვენეს „გაფართოებადი ხვრელის“ სხვადასხვა ფერის ფოტოები. ასევე აჩვენეს ილუზიის არეული ვერსიები, რომლებსაც სინათლის ან ფერის რაიმე აშკარა მახასიათებელი არ ჰქონდა.

წინ მოძრაობის ილუზია ყველაზე ეფექტიანი მაშინ იყო, თუ ხვრელი შავი იყო. ამ ფერის ხვრელის შემთხვევაში, მონაწილეთა 86 პროცენტს უჩნდებოდა განცდა, თითქოს წყვდიადი მათი მიმართულებით მოძრაობდა.

მონაწილეთა თვალის მოძრაობებზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ მათი თვალის გუგები გაუცნობიერებლად ფართოვდებოდა შავი ხვრელის დანახვაზე.

ამავე დროს, თუ ხვრელი თეთრი იყო, მათი გუგები მხოლოდ მცირედით იკუმშებოდა.

„ახალი, გაფართოებადი ხვრელის ილუზიაზე დაყრდნობით ვაჩვენეთ, რომ გუგა ასევე რეაგირებს, თუ როგორ აღვიქვამთ სინათლეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ „სინათლე“ წარმოსახვითია, როგორც ამ ილუზიაში — და არა მხოლოდ თვალში სინამდვილეში შემავალი სინათლის ენერგიის რაოდენობაზე“, — ამბობს ოსლოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგი ბრუნო ლაენგი.

მისივე თქმით, გაფართოებადი ხვრელის ილუზია იწვევს გუგის შესაბამის გაფართოებას, როგორც ეს მაშინ მოხდება, თუ სიბნელე ნამდვილად გაიზრდებოდა.

კვლევის ავტორებმა დაზუსტებით არ იციან, რატომ ვერ აღიქვა დანარჩენმა 14-მა მონაწილემ რაიმე სახის მოჩვენებითი გაფართოება, როდესაც ხვრელი შავი იყო. თუმცა, მათ შორისაც კი, ვინც ილუზია აღიქვა, სხვადასხვა იყო სიძლიერე და შეგრძნება.

იმ ადამიანებში, ვინც ილუზია ყველაზე ძლიერ იგრძნეს, თვალის გუგის დიამეტრი ყველაზე მეტად შეიცვალა.

ავტორებს აქვთ ჰიპოთეზაც, თუ რატომ იქცევა თვალი ასე. როდესაც ცენტრალური რეგიონი შავია, ჩვენი თვალის გუგები სავარაუდოდ გვამზადებენ უახლოეს მომავალში განათების ცვლილებისთვის.

პირდაპირ ჩვენ წინ წარმოდგენილი ინფორმაციის შეგრძნების ნაცვლად, ვიზუალური ნერვული ქსელი პროგნოზირებს, როგორ შეიცვლება ეს ინფორმაცია მომავალში და გამოიმუშავებს ცენტრალური ხვრელის რეგიონის წარმოსახვით გაფართოებას.

ტვინი რომ ასე არ იქცეოდეს, ახალ ვიზუალურ ინფორმაციას მილიწამებით მეტი დასჭირდებოდა ტვინის უფრო მაღალ პროცესებამდე მისაღწევად. გუგების გაფართოებას რომ ამდენი დრო სჭირდებოდეს, ვერ შევძლებდით სიბნელეში ეფექტიანად ნავიგაციას.

კვლევის ავტორებს ახლა იმის შემოწმება სურთ, ატყუებს თუ არა ეს ილუზია სხვა ცხოველებსაც, რათა უკეთესად დაადგინონ, როგორ ჩამოყალიბდა ადამიანის მხედველობის სისტემა.

 

კვლევა Frontiers in Human Neuroscience-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია medicalxpress.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

image_pdfimage_print

Comments

comments