მესტიაში ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარების გამო ახალი სასტუმროები ვეღარ შენდება

bitcoin ბიტკოინიმესტიაში კრიპტოვალუტების გამომუშავებისა და მაინერების მუშაობის საკითხი ისევ პრობლემურია. როგორც მესტიის მერი კახა ჟორჟოლიანი BM.GE-თან აცხადებს, იმის გამო რომ რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარება მზარდია, დენის ახალი დაერთებები ვეღარ ხორციელდება, შესაბამისად, ახალი სასტუმროებისთვის საკმარისი ელექტროენერგია აღარ არის.

მისი თქმით, მოსაფიქრებელია ის, თუ რა შეიძლება მოსახლეობისთვის იყოს შეთავაზებული, რომ რეგიონი ამ ჩიხიდან გამოვიდეს და განვითარება განაგრძოს.

“მე ვერ გეტყვით, რომ ეს პრობლემა ბოლომდე მოგვარებული და გადაჭრილი გვაქვს, მაგრამ იმას, რომ ამაზე უკეთესი არის ტურიზმის განვითარება და იქ უფრო მეტი შემოსავალია, ამას უკვე ხვდება მოსახლეობა და არ უნდა რომ ერთმანეთის ხელის შეშლით ხდებოდეს რამე. აქაც ძირეულად სწორად გვაქვს პრობლემა გადასაჭრელი და დასაფიქრებელია თუ რას შევთავაზებთ მოსახლეობას და როგორ შეიძლება ამ ჩიხიდან გამოვიდეთ. იმიტომ რომ ჩვენ უკვე მომავლის განვითარებაში პრობლემა შეგვექმნა.

მაგალითად დენის ახალი დაერთებები არ ხდება, სასტუმრო არ შენდება, რადგან უკვე ვეღარ აერთებენ ქსელზე. იმდენად ჭარბი მოხმარებაა, რომ ვეღარ უძლებს ჩვენი ელექტროქსელები მოხმარებას და გაჩერებული ვართ. ჩვენ თუ გვინდა რომ გავჩერდეთ და არ განვითარდეთ, მაშინ კი ბატონო, ასე იყოს.” – აცხადებს მესტიის მერი კახა ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, მესტიაში ელექტროენერგიის ჭარბ მოხმარებზე საუბარი დიდი ხანია მიმდიანარეობს, მათ შორის  საკითხი ყველაზე მწვავედ ზამთარში იდგა, როცა ჭარბი მოხმარების გამო ადგილზე ელექტროენერგიის ავარიული გათიშვები დაიწყო. მიზეზი მესტიაში კრიპტოვალუტების გამომუშავება იყო, რომლის ფაქტების გამოვლენის მიზნით ადგილზე სპეცოპერაციების ჩატარდა. ამასთან საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ადგილობრივებმა წმინდა გიორგის ხატზეც დაიფიცეს.

image_pdfimage_print

Comments

comments